ალბათ, გახსოვთ გუშინდელი ამბავი, იუტას შტატში ბიოლოგების გუნდმა რომ მისტიკური ობელისკი აღმოაჩინა, რომელიც კამათის საბაბი გახდა. ადამიანთა ნაწილი მას უცხოპლანეტელებს უკავშირებს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს კურბიკის ფილმით "2001: კოსმოსური ოდისეა" შთაგონებული ადამიანის ნამოქმედარი უნდა იყოს.

ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ ვინ, ან რატომ მოათავსა მეტალის მისტიკური ობელისკი სამხრეთ იუტაში და არც მისი ადგილდებარეობა იყო გასაჯაროებული, თუმცა ეს არც გახდა საჭირო, რადგან Reddit-ის მომხმარებელთა გუნდმა უკვე შეძლო ობელისკის პოვნა Google Earth-ის საშუალებით.

ობელისკთან ადამიანების გამოჩენა მხოლოდ დროის საკითხია. ალბათ, მალე ვიხილავთ სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანის მიერ გადაღებულ სურათებს მისტიკურ კონსტრუქციასთან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადგილას ვიზიტი და შესაბამისად და ველური ბუნების მკვიდრთა სიმშვიდის დარღვევა რეკომენდებული არ არის; რომ არაფერი ვთქვათ პანდემიის დროს მოგზაურობის საფრთხეზე.

Google Earth-ის არქივში შენახული სატელიტით გადაღებული სურათების მიხედვით, ობელისკი აქ დაახლოებით 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის ოქტომბრამდეა განთავსებული და მთავარი გზიდან, დაახლოებით, 1.5 კილომეტრითაა დაშორებული.

იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების (DPS) წარმომადგენელმა The New York Times-ს განუცხადა, რომ კონსტრუქცია აქ, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდი ხნის წინ დაამონტაჟეს — "ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი აქ 40-იანებისა და 50-იანების შემდეგ იქნა დაინსტალირებული".

"ნათელია, რომ ვიღაცამ დრო დახარჯა იმისთვის, რომ ბეტონის მჭრელის, ან მსგავსი ხელსაწყოს გამყენებით, ძალიან დიდი სიზუსტით გათხარა სწორედ ამ ობიექტის ფორმის ორმო და ობელისკი მყარად და გამართულად დაამონტაჟა. გზიდან ამხელა მანძილზე 4 მეტრი სიმაღლის ობელისკის შემოტანა, ქვის გაჭრა და მეტალის დამონტაჟება გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, ამ ყველაფრის გაკეთება კი ასეთ შორეულ ადგილას ძალიან უცნაურად მეჩვენება", — განაცხადა DPS-ის წარმომადგენელმა.

ასეთი ექსპედიციიის ჩატარება მართლაც საინტერესო და საკმაოდ სარისკო უნდა ყოფილიყო. Google Maps-ის მიხედვით უახლოესი გზატკეცილიდან ამ ადგილამდე მისაღწევად საათნახევარი მაინც არის საჭირო.

ცნობისმოყვარე ხულიგნებისგან დასაცავად, თავდაპირველად, ობელისკის ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებული იყო. "ამ ინსტალაციის ზუსტი ადგილმდებარეობა არ არის გასაჯაროებული, ვინაიდან იგი საკმაოდ შორსაა და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ამ ადგილის სტუმრობას გადაწყვეტს, ადვილი შესაძლებელია, რომ იქიდან უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა დამოუკიდებლად ვერ მოახერხონ", — წერია DPS-ის ახალ განცხადებაში.

ოფიციალური პირები ახლა ობელისკის დემონტაჟს ითხოვენ, რადგან "ნებისმიერი სტრუქტურის ან ხელოვნების ნიმუშის საჯარო ადგილას დამონტაჟება ავტორიზაციის გარეშე არალეგალურია ყველასთვის, განურჩევლად იმისა, თუ რომელი პლანეტიდან ხარ", — წერია განცხადებაში.