ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMC) აცხადებენ, რომ ევროპულ სასამართლოში მთავრობის პოზიციებს უკვე უპასუხეს და წერილობითი დასაბუთება წარადგინეს.

EMC-ის იურისტის, თამთა მიქელაძის თქმით, ევროპულ სასამართლოს შეიძლება დამატებითი კითხვები ჰქონდეს, თუმცა მაღალი ალბათობით, ეს მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაა.

"რაღაც ეტაპიდან ჩვენ სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში ვიქნებით და იმედი გვაქვს, რომ ევროპული სასამართლო სწრაფად იმუშავებს ამ საქმეზე", — განაცხადა მიქელაძემ.

საქმეზე სამატრთლიანი გადაწყვეტილების გამოტანას ელის თემირლან მაჩლიკაშვილის მამა, მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი:

"უკვე მეცლება ძალა, ადამიანი ვარ, არ ვარ რკინა".

EMC-მ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2019 წლის 6 ივნისს მიმართა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მთავრობის პოზიციებს ისინი 1-ლ სექტემბერს გაეცნენ და 21 ნოემბერს უკვე თვითონ წარადგინეს წერილობითი დასაბუთება.

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა — ვახა მაჩალიკაშვილი, დედა — მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და — ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია — ელენე მაჩალიკაშვილი დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

სახელმწიფოს პოზიციები და პასუხები

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, თემირლანის უკანონო კავშირებზე მთავრობის პოზიციაში აშკარა ფაქტობრივი უზუსტობები იკვეთება.

"მთავრობა არსებითად იმეორებს იმ არგუმენტებს, რომელიც პროკურატურას ეროვნულ დონეზე ჰქონდა და ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპულ სასამართლოში მათი შეპასუხების დიდი ნაწილი მიუძღვის სწორედ თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირების მტკიცებას ჩატაევის ჯგუფთან, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ აქ გვქონდა რაიმე ახალი მტკიცებები ან ეს არგუმენტები იყო დამაჯერებელი", — განაცხადა EMC-ის იურისტმა, თამთა მიქელაძემ.

როგოც მიქელაძე ამბობს, მთავრობა ცდილობდა ეჩვენებინა სასამართლოში, რომ ეს კონტრტერორისტული ოპერაცია იყო, რა დროსა სიცოცხლის უფლების სტანდარტი გარკვეულწილად იზღუდება. თუმცა იურისტი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან ეს მსჯელობა პოლიტიკური და არასამართლებრივი იყო:

"ეროვნულ დონეზე ჩატარებული ღონისძიებები არ შეიძლება მივიჩნიოთ კონრტერორისტულ ღონისძიებად და ის დაკავების კლასიკური სისხლის სამართლებრივი პროცედურებით განხორციელდა".

იურისტი თაკო სამხარაძის თქმით, რომელიც ევროპულ სასამართლოში მაჩალიკაშილების ინტერესებს იცავს, სახელმწიფო მუდმივად უთითებდა, რომ თემირლანის შესაძლო შეიარაღებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა არც ჩხრეკისა და არც დაკავების განჩინებაში მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება სპეცოპერაციამდე სამი დღით ადრე, 23 დეკემბრს გაიცა, რაც დაგეგმვისა და საფრთხეების გათვალისწინებისთვის საკმარის დროს იძლეოდა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნების ჩვენებები ცხადყოფს, რომ დასაკავებელ პირთა მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მოლოდინი ეყრდნობოდა მხოლოდ 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრ-ტერორისტული ოპერაციის ზოგად გამოცდილებას და არა ამ სიტუაციაში კონკრეტული პირებისგან მომდინარე საფრთხეების შეფასებას", — აცხადებენ EMC-ში.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია ინფორმაცია, თითოეული სპეცრაზმელის მიერ ძალის გამოყენების დეტალური ინსტრუქციების, მათი მომზადებისა და სპეციფიკური როლების თაობაზე:

"ერთ-ერთი სპეცრაზმელის ჩვენებიდან ირკვევა, იგი იმის შესახებაც კი არ ყოფილა ინფორმირებული, თუ რომელი საძინებელი ეკუთვნოდა დასაკავებელ თემირლან მაჩალიკაშვილს".

რაც შეეხება უშუალოდ სპეცოპერაციის დღეს, EMC-ში ამბობენ, რომ სახელმწიფომ ვერ წარადგინა მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ძალის გამოყენების პროპორციულობისა და აუცილებლობის შესახებ დამაკმაყოფილებელი დასაბუთება. EMC-ში აღნიშნავენ, რომ სპეცრაზმელები მხოლოდ სპეცოპერაციის ჩატარებიდან ხუთი კვირის შემდეგ დაკითხეს, რამაც ვერსიების შეჯერების რისკები გაზარდა იმის გათვალისწინებითაც, რომ ერთადერთი თვითმხილველები სწორედ ისინი იყვნენ.

თაკო სამხარაძის თქმით, სპეცრაზმელების მიმართ არ დასმულა კითხვების საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით და პროკურატურამ არ სცადა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობების აღმოფხვრა და საეჭვო გარემოებების დადასტურება.

ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საქმეზე სუს-ის მაღალჩინოსნები პირველად გამოიკითხნენ 2019 წლის აგვისტოში, სპეცოპერაციის ჩატარებიდან 20 თვის შემდეგ და მათ მიმართ არ დასმულა მნიშვნელოვანი კითხვები დაგეგმვის ეტაპზე გაცემული დეტალური ინსტრუქციების, შედგენილი დოკუმენტებისა და სპეცრაზმელთა სპეციფიკური როლების შესახებ.

იურისტები მაჩალიკაშვილის ოთახიდან ამოღებულ ხელყუმბარაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელიც პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. მასზე აღმოჩენილია მაჩალიკაშვილის სისხლი, თუმცა არა მისი ანაბეჭდები.

თაკო სამხარაძე აღნიშნავს, რომ ხელყუმბარის ამოღების, შენახვისა და მასზე ექსპერტიზის ჩატარების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები ეჭვქეშ აყენებს ამ მტკიცებულების სანდოობას: მაგალითად, ხელყუმბარის შემცველი პაკეტის დანომრისა და დათარიღების უზუსტობები, რაც ტექნიკური შეცდომით აიხსნა.

EMC-ის შეფასებით, ვერ დასაბუთდა ხელყუმბარისთვის ბალისტიკური ექსპერტიზისა და მისი აფეთქების აუცილებლობა.

"ხელყუმბარის ვარგისიანობის შემოწმება არ უკავშირდებოდა მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგს არც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის და არც თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისთვის. ხელყუმბარის აფეთქებამ შეუძლებელი გახადა მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების გადამოწმება და დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება".

ორგანიზაციაში მტკიცებულებების მოპოვებასთან დაკავშირებით არსებულ ხარვეზებზეც საუბრობენ. მათ შორის, როგორც EMC-ში აღნიშნავენ, პროკურატურამ მაჩალიკაშვილის ოთახში გადაღებულ ფოტოებზე ასახული ყურსასმენები ვერ აღმოაჩინა, ასევე, ვერ დადგინა გასროლის მომენტში თემირლანის ტელეფონის ადგილმდებარეობა და მასზე აღმოჩენილ სისხლისმაგვარ ლაქებზე არ ჩატარდა ექსპერტიზა.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სპეცოპერაციის დაგეგმვისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ გაითვალისწინა სახლში ოჯახის ყოფნა და დაკავების ალტერნატიული სტრატეგია.

"სახელმწიფოს მოსაზრებით, სპეცოპერაციის ღამის საათებში ჩატარება შეიარაღებული და შენიღბული სპეცრაზმელების მიერ წარმოადგენდა პროპორციულ ზომას დაკავებისას ძალის გამოყენების რისკების შესამცირებლად. ამასთან, სახელმწიფომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების მისამართით იარაღის დამიზნება და მიწაზე დაწვენა ემსახურებოდა უსაფრთხოების ინტერესებს იმის მიუხედავად, რომ არცერთი მათგანი თავად არ ყოფილა რაიმე დანაშაულში ბრალდებული და არ გაუწევია სპეცრაზმელებისთვის წინააღმდეგობა".

მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ პროკურატურას არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიება არ დაიწყო და ამაზე სპეცოპერაციის მონაწილეები მხოლოდ 20 თვის შემდეგ გამოკითხეს.

EMC-ში მიაჩნიათ, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი პოზიციები უნდა გაიზიაროს. ამასთან ისინი იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობას საქმის ხელახლა გახსნა დაევალება.

მაჩლიკაშვილების ოჯახშ სუს-მა სპეცოპერაცია 2017 წლის 26 დეკემბერს ჩაატარა. მას წინ უძღვოდა 21-22 ნოემბერს ისნის სპეცოპერაცია, რა დროსაც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წერვი დააკავეს, ხოლო სამი მოკლეს.

უკვე დეკემბერში პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.