Tbilisi Pride-ს ფეისბუქგვერდზე გაუგზავნეს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უკიდებენ ცეცხლს და წვავენ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში გაკრულ პოსტერს წარწერით — ჩვენ გვახსოვს. აღნიშნული პოსტერი 20 ნოემბერს, ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის დღეს Tbilisi Pride-მა გააკრა, რითაც, მათი თქმით, საქართველოში გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალებისთვის პატივის მიგება სურდათ.

ვიდეოში ჩანს, როგორ ხსნიან პოსტერს კედლიდან, აგდებენ ძირს და წვავენ, ბოლოს კი ნაცისტურ ჟესტს იყენებენ.

"აღნიშნული ვიდეოს შინაარსი ჩვენთვის სრულიად მიუღებელი და შემაწუხებელია. ჩვენ აქ ვხედავთ საჯარო სივრცის დეგრადაციას: ხსოვნის პოსტერის ამგვარი განადგურება მიგვანიშნებს, რომ გაუფასურებულია ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები, როგორებიცაა ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილის გლოვა, პატივისცემა და ემპათია. ამ ღირებულებათა ნაკლებობის ყველაზე საგანგაშო გამოვლინება კი სწორედ სიძულვილისა და უთანასწორობის იდეოლოგიების — ფაშიზმისა და ნაციზმის — ელემენტების ათვისებაა", — აცხადებენ თბილისი პრაიდში.