ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარის წაშლის, ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები. მათი პოზიციით, ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ საარჩევნო დარღვევებთან გამკლავების კუთხით როგორც კანონმდებლობაში, ასევე პრაქტიკაში სისტემური პრობლემები არსებობს.

ცენტრი საუბრობს იმაზეც, რომ არჩევნების დღეს, მმართველი პარტიის მხარდამჭერები და ე.წ. კოორდინატორები მასობრივად იყვნენ მობილიზებულები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი დაკვირვებით, უშუალოდ კენჭისყრის პროცესში ბევრი დარღვევა არა, თუმცა შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი უზუსტობები დაფიქსირდა. კერძოდ, დისბალანსის შემთხვევები უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასა და მიცემულ ხმებს შორის და სხვა ხარვეზები შემაჯამებელ ოქმებში.

ცენტრი 8 ნოემბერს თბილისში მიმდინარე აქციებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წყლის ჭავლის თუ გაურკვეველი ტიპის გაზის გამოყენების საჭიროება არ იყო.

"გაეროს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად ნაკლებად ლეტარული იარაღის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოყენების შესახებ, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ შემდეგ ვითარებაში: როდესაც არსებობს სიცოცხლის ხელყოფის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ან საკუთრების მასშტაბური განადგურების საფრთხე. ამ გარემოებებიდან არცერთი არ ყოფილა სახეზე აღნიშნულ აქციაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მომდევნო დღეს, 9 ნოემბერს მთავრობის გადაწყვეტილებები გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებით, თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას წარმოადგენდა.

"აღნიშნული შეზღუდვები, ასევე, საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციას და არაპირდაპირ ზღუდავს მას. არსებული კანონმდებლობით, საქართველოს მთავრობას არ აქვს უფლება, შეზღუდოს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ამ პირობებში. ამ შეზღუდვების მიღების დრო და ხასიათი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი შემოღებულია გაზრდილი საპროტესტო მუხტის ჩასახშობად", — ნათქვამია განცხადებაში.

HRIDC-ის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უფრო "ფხიზლად და ღია" უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების მიმართ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსაკუთრებით კი, ყურადღება უნდა მიექცეს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების შესახებ ცოდნის ამაღლებას.

"ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ხშირი და მასშტაბური შემთხვევები წინასაარჩევნო პერიოდში წარმოაჩენს ორგვარ დარღვევებს — დარღვევებს, რომელიც გამოწვეულია ცოდნის ნაკლებობით და დარღვევებს, რომელიც გაცნობიერებულად არის ჩადენილი. კანონდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევი უნდა დაისაჯოს შესაბამისად. საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები უკეთ უნდა გადამზადდნენ იმისათვის, რომ სრულად დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნას დისციპლინარული სანქციები",— აღნიშნავენ იქ.

ამასთან, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა გამოიყენოს არსებული ეპიდემიოლოგიური კრიზისი საზოგადოების სამართლიანი პროტესტი ჩასახშობად.