იულონ გაგოშიძემ ქართულ ინტერნეტსივრცეში პოპულარობა 2019 წლის 20 ივნისს მოიპოვა, როცა საპროტესტო აქციაზე მიმავალი დიასპორის ყოფილი მინისტრის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. მას ხელში "Russia is Occupant" პოსტერი უჭირავს და მეუღლესთან ერთად რუსთაველის გამზირისკენ მიემართება, სადაც მოქალაქეებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოსვლა გააპროტესტეს.

იულონ გაგოშიძე საპროტესტო ბანერით

იულონ გაგოშიძე საპროტესტო ბანერით

მიუხედავად ამისა, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ იულონ გაგოშიძე ქართველი ისტორიკოსი და ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი არქეოლოგია, რომელიც სტატიებს დღემდე აქვეყნებს და ცოტა ხნის წინ წიგნიც გამოსცა. გაგოშიძის საქმიანობით პირველად მაშინ დავინტერესდი, როცა მისი რამდენიმე გამოქვეყნებული სტატია ვნახე დედოფლის გორის სასახლეზე, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით I საუკუნეში აშენდა. მრავალ სხვა მიგნებასთან ერთად, მეცნიერებმა სასახლის ნანგრევებში პატარა თაგვის სოროსაც მიაგნეს, რომელშიც, თავის მხრივ, სხვადასხვა მატერიების, აბრეშუმის და სელის ბოჭკოები იპოვეს.

იულონ გაგოშიძის საინტერესო მიგნებებზე, მანამდე, მისი შვილიშვილისგან, მიქაელისგან მესმოდა, რომელიც ბაბუამისის "თავგადასავლებზე" ხშირად გვიყვება ხოლმე. მე თვითონ ბავშვობაში, რაღაც ეტაპზე, არქეოლოგობა მინდოდა (სავარაუდოდ ინდიანა ჯონსის ნახვის მერე). დღემდე არქეოლოგია ჩემთვის რაღაცნაირად რომანტიკული მეცნიერებაა, ამიტომ მიქაელის მონათხრობებით შთაგონებული ინტერვიუსთვის ბატონ იულონთან გავემართე, რათა მისი საქმიანობის და მიგნებების შესახებ მეტი გამეგო.

თანამედროვე არქეოლოგია საქართველოში, საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებლობამდე

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

"პირბადე გაიკეთეო ტატო რომ მოვაო... ზრუნავენ შვილიშვილები", — მეუბნება იულონი, სანამ მე ხმის ჩამწერს ვამზადებ. ინტერვიუსთვის კითხვები არ მომიმზადებია, ვიფიქრე, უბრალოდ, თავისუფალი საუბარი გვექნებოდა. იულონი ახლა 85 წლისაა. ის მოესწრო საბჭოთა კავშირს, საქართველოს დამოუკიდებლობას და 4 სხვადასხვა პრეზიდენტს. მთელი ამ დროის მანძილზე კი არქეოლოგიურ კვლევებში აქტიურად მონაწილეობდა, მაშინაც კი როცა 90-იანებში ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში გადაექანა და საქართველოს ტერიტორიაზე ომი იყო გაჩაღებული. მაინტერესებდა როგორ გახდა ჩემ წინ მჯდომი ადამიანი არქეოლოგი და როგორ შეინარჩუნა ინტერესი თავისი პროფესიისადმი ამდენი წლის მანძილზე.

"დავიბადე ოჯახში სადაც ჰუმანიტარი არავინ იყო", — იხსენებს იულონი. "ჩემმა მშობლებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯავახიშვილის რექტორობის დროს დაამთავრეს და ძალიან უყვარდათ". 1940 წელს ჯავახიშვილის დაკრძალვას იულონიც ესწრებოდა, სახლში მისულმა კი ოთახში მისი ფოტო გამოაკრა და მშობლებს განუცხადა, "რომ გავიზრდები ასეთი უნდა გამოვიდეო".

იულონი მიყვება, რომ თავიდან ფიზიკაზე ჩაბარებას ფიქრობდა, რადგან ტექნიკური საგნები ბავშვობიდან მოსწონდა, თუმცა ბოლოს არჩევანი მაინც ისტორიის ფაკულტეტზე შეაჩერა, საიდანაც ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში წავიდა. "ეს თინას ბრალია... მაშინ გაგრაში იყო და მინდოდა, რომ ახლოს ვყოფილიყავი", — ამბობს იულონი. ახლა თინა მისი მეუღლეა. პირველ ექსპედიციის მიზნებზე და მიგნებებზე ბევრი არ გვილაპარაკია და საბჭოთა კავშირში არქეოლოგიის დარგში მიმდინარე სამუშაოებზე ვკითხე.

"1942 წელს მიიღეს ძეგლთა დაცვის კანონი. ნებისმიერი დიდი ინდუსტრიული მშენებლობის დაწყებამდე, აი, მაგალითად ჟინვალში ან თრიალეთში, კანონით უნდა ჩატარებულიყო არქეოლოგიური სამუშაოები".

საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით 40-50-იან წლებში, მასობრივი ინდუსტრიალიზაციის პროგრამები მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში (და არამარტო) არაერთი უზარმაზარი ჰესი და მადნეულის მომპოვებელი და გადამამუშავებელი ქარხანა აშენდა. ამის პარალელურად, სსრკ-ში მოქმედებდა "ეროვნებათა პოლიტიკა" და "კორენიზაციის" პროგრამები, რომლის ფარგლებშიც, საბჭოთა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის წახალისება ხდებოდა იმ იმედით, რომ ეროვნული სენტიმენტების მხარდაჭერა ნაციონალისტურ წინააღმდეგობას შეამცირებდა. ამის გათვალისწინებით არქეოლოგიისადმი სსრკ-ის ყურადღება სავსებით გასაგებია.

თუმცა, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება ყოველთვის პრიორიტეტული არ ყოფილა. მაგალითად, ითხვისში 70-იანებში მანგანუმის მომპოვებელი და გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა იგეგმებოდა, იქ კი, იულონის თქმით, "ქრისტეს შობამდე მეხუთე საუკუნის ნასახლარები იყო". მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის განადგურების პერსპექტივამ იულონი შეაწუხა და ის მშენებლობის დროებით შეჩერებას ცდილობდა. "თავიდან აქ დავრბოდი სამინსტროებში, მაგრამ მითხრეს ეს ამბავი მოსკოვში წყდებაო, ამიტომ მოსკოვში მომიწია გაფრენა", — იხსენებს იულონი. მისთვის სახასიათო სიჯიუტის შედეგად კი მშენებლობა მართლაც 2 წლით გადაიდო, რამაც არქეოლოგებს გათხრების და მასალების შეგროვების შესაძლებლობა მისცა.

მასობრივი გათხრები და ინვესტიციები არქეოლოგიურ კვლევაში საბჭოთა კავშირის უფრო ტურბულენტურ წლებში და მისი დაშლის შემდეგ შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პოლიტიკურმა არეულობამ და შესაბამისმა ეკონომიკურმა კრიზისმა სამეცნიერო კვლევები პრაქტიკულად შეაჩერა. ამ პერიოდში მოღვაწე მეცნიერებისგან არაერთი გულისმომაკვდინებელი ისტორია მომისმენია, როგორ ცდილობდნენ კვლევების გაგრძელებას საკუთარი სახლებიდან ნივთების გაყიდვით და ხელფასიდან ფულის შეგროვებით.

ცხადია, იმ პერიოდში როცა საქართველოს არჩეული პრეზიდენტი დევნაში იყო და აფხაზეთში რუსული ტანკები შემოდიოდნენ, არქეოლოგიისთვის "არავის ეცალა", თუმცა იულონი თავის საქმიანობას მაინც აგრძელებდა.

არქეოლოგია დამოუკიდებელ საქართველოში და დედოფლის მინდორი

(ჯერ კიდევ) შემოღობილი დედოფლის გორა

(ჯერ კიდევ) შემოღობილი დედოფლის გორა

"92 წელს რომ ავედი იქ [დედოფლის გორაზე], პირველი რაც ვნახე იყო, რომ გორა რომელიც შემოღობილი გვქონდა ადრე, მას მერე რაც მაგ რაიონში მუშაობა ჯერ კიდევ 1972 წელს დაიწყო... საქონელი რომ არ შემოსულიყო [გათხრების ადგილას] ღობე შემოვავლეთ გორას, პირველი რაც გააკეთეს 92 წლის თებერვალში — ეს ღობე მოხსნეს, მოიპარეს".

დედოფლის გორა შიდა ქართლში, დედოფლის მინდორზე მდებარეობს. 25 კვ.კმ-ის ფართობის მინდორზე გათხრები 1972 წელს დაიწყო და გათხრების შედეგად აქ უძველეს, ქრისტეს შობამდე პირველ ათასწლეულში აშენებულ ტაძრების კომპლექსს მიაგნეს.

"იმისთვის, რომ დამემტკიცებინა, რომ აქ [დედოფლის გორაზე] გათხრების შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო, 92-ში მე, ჩემი შვილები და მათი ერთი მეგობარი წავედით და ვიმუშავეთ, როცა კაპიკი ფული არ გვქონდა".

დედოფლის მინდორის გათხრების მიგნებები იულონ გაგოშიძემ დამოუკიდებლად, East and West-ში გამოაქვეყნა.

დედოფლის მინდორის მთავარი ტაძარი

დედოფლის მინდორის მთავარი ტაძარი

ფოტო: I.Gagoshidze 1992

გათხრებისას იულონმა თავის შვილებთან ერთად საკმაოდ საინტერესო მოხატულობის ჭურჭელი აღმოაჩინა. არქეოლოგი ამბობს, რომ დედოფლის მინდორზე ჩატარებული გათხრებისას ადამიანური აქტივობის კვალი, თითქოს, ხელშეუხებელიც კი იყო, რადგან განამარხებული უძველესი არტეფაქტები, ხანდახან, პრაქტიკულად დაუზიანებელი იყო.

ფოტო: I.Gagoshidze 1992

არქეოლოგიურ კვლევებსა და განამარხებული ნივთების აღრიცხვას, ხშირად, თან ახლავს ჩანახატები. გაგოშიძე ამბობს, რომ არქეოლოგმა, პირველყოვლისა, ორი რამ უნდა იცოდეს: "ისტორია და ხატვა, ამის გარეშე კარგი არქეოლოგი ვერ იქნები". აღმოჩენილი ნივთის ჩანახატი ხშირად ადგილზევე კეთდება ხოლმე.

ფოტო: I.Gagoshidze 1992

გათხრების შედეგებზე დაკვირვებისას ყურადსაღები ისაა, რომ არქეოლოგებმა ტაძრების კომპლექსი აღმოაჩინეს, სადაც გაგოშიძის დაკვირვებით, სხვადასხვა ღმერთს ეთაყვანებოდნენ. ცეცხლთაყვანისმცემლობის ძეგლები, ძირითადად, ცალკეული პანთეონებია ხოლმე და არა კომპლექსები. ამ მხრივ, დედოფლის მინდორის ტაძრები უნიკალურია.

კვლევაში გაგოშიძე, მესამე საუკუნის ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქართლის მეფე მირიანი "ცეცხლს და შვიდ ქართველ ღმერთს ეთაყვანებოდა... [დედოფლის მინდორზე] 7 ტაძრის კომპლექსის არსებობა უბრალო დამთხვევა ვერ იქნება".

დეოდფლის მინდორიდან საუბარი ისევ 90-იანებზე გადადის. გაგოშიძე ამბობს, რომ ამ პერიოდში ქართული არქეოლოგია ოთარ ლორთქიფანიძემ გადაარჩინა.

"უკვე შევარდნაძის დროს, საქართველოში ბაქო-ჯეიჰანის მილსადენს მთელი საქართველო უნდა გადაეკვეთა... ამ დროს შეიქმნა არქეოლოგიური კვლევის ცენტრი და მან შეძლო ხელშეკრულების დადება British Petroleum-თან, რომელიც ამ მილსადენს ამუშავებდა და ამ გაჭირვების დროს, როცა საჭმლის ფული არ იყო, დენი არ იყო, არაფერი არ იყო, არქეოლოგიამ იშოვა დიდი დაფინანსება... მილიონობით დოლარი", — ამბობს გაგოშიძე.

"მაგრამ მშენებლობასთან დაკავშირებული არქეოლოგია ყოველთვის შემთხვევითობაზე არის დამოკიდებული. კონკრეტულ სამშენებლო ტერიტორიას არქეოლოგიის მოთხოვნების მიხედვით არ ირჩევენ და ვსწავლობდით იმას, რაც დაზიანდებოდა ამ მშენებლობის შედეგად. ყოველთვის არაა ეს ის, რაც საჭიროა არქეოლოგიისათვის".

ამ გაგებით BP-სთან თანამშრომლობას ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ არქეოლოგიური გათხრების დაფინანსება მიიღეს, მეორე მხრივ კი "დამარხული ისტორიის" ნიმუშები დაზიანდა. თუმცა, გაგოშიძე ამბობს, რომ ეს სულ არაფრობას ჯობდა.

არქეოლოგიის მნიშვნელობა და მომავლის იმედი

ფოტო: I.Gagoshidze 1992

ჩვენ საუბარს დროებით ნოკიას ტელეფონის ზარის ხმა წყვეტს. იულონი ტელეფონის ეკრანს კისერზე დაკიდებული გამადიდებელი შუშით აკვირდება და ცდილობს გაარკვიოს, ვინ ურეკავს, თუმცა, მალევე ნებდება და ტელეფონს "სპიკერზე" რთავს, უკეთ რომ გაიგოს.

ტელეფონიდან კაცის ხმა ისმის, რომელიც დიდი ენთუზიაზმით უყვება რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე იულონის ახალმა წიგნმა და რამდენად მნიშვნელოვანია წიგნში აღწერილი მიგნებები. კომპლიმენტების უწყვეტი ნაკადის დასრულების შემდეგ, იულონი მადლობას ეუბნება და ტელეფონს გვერდზე დებს. "ესეც რეცენზია ჩემს წიგნზე", — ამბობს ღიმილით. მე ვეკითხები რა წიგნზეა საუბარი, რაზეც იულონი დგება და მისაღებ ოთახში დახვავებულ წიგნებიდან ერთს არჩევს და მაგიდასთან მოაქვს. "აი, ესაა... 92 წლის გათხრებზეა... 3 წლის წინ ჩავაბარე გამომცემლობას და დაბეჭდვა ზუსტად კორონამდე დაიწყეს". პანდემიის პირობებში, ბეჭდვა ფინანსების ნაკლებობის გამო შეჩერდა.

წიგნში დედოფლის მინდორის გათხრებიდან მოპოვებული ნივთებია დასურათებული, ისევე როგორც დედოფლის გორის სასახლის გეგმები და მათი ისტორიული კონტექსტი. აქედან ჩვენი საუბარი საკმაოდ ქაოტური გახდა, იულონი ენთუზიაზმით საუბრობს დედოფლის გორის სამეფო სასახლის მნიშვნელობაზე. ისტორიაში კონტექსტი მნიშვნელოვანია, კონტექსტი რომელიც ჩემთვის მეტწილად უცნობია, ამიტომ სახელები და სხვადასხვა ისტორიული ეპოქები, რომლებსაც იულონი ახსენებს ჩემთვის გაუგებარია.

დედოფლის გორის სასახლეს არქეოლოგი საუცხოო დეტალებში აღმიწერს, თითქოს იქ დგას. როგორც ჩანს დედოფლის გორის სასახლეში მძლავრი მიწისძვრის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რამაც სამსართულიანი ნაგებობა დაანგრია. პირველი სართული ზედა ორის ნანგრევებში აღმოჩნდა, რამაც ნაგებობის სტრუქტურა საუცხოოდ შეინარჩუნა, მიხსნის იულონი. ამის გამო სასახლის რეკონსტრუქცია შედარებით მარტივი იყო.

დედოფლის გორაზე თაგვის სოროში აღმოჩენილი ქსოვილების ბოჭკოები

დედოფლის გორაზე თაგვის სოროში აღმოჩენილი ქსოვილების ბოჭკოები

სასახლის სტრუქტურაზე საუბრიდან გაგოშიძე უცებ პალინოლოგიაზე ლაპარაკზე გადადის. ეს მცენარეების "მტვრის შემსწავლელი" მეცნიერებაა. "ყველა მცენარის მტვერი უნიკალურია", — ამბობს იულონი. შენახულ მტვერზე მიკროსლოპით დაკვირვებისას, მისი ასაკის გარკვევაა შესაძლებელი.

დედოფლის გორიდან შეგროვებული მასალების პალინოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ სასახლეში მოსავალი ახალი აღებული ჰქონდათ, როცა იქ ხანძარი გაჩნდა. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტრაგედია სასახლის მკვიდრებს გვიან შემოდგომაზე დაატყდათ. იულონი სასახლის ოთახებს დეტალურად აღწერს, მაგალთად როგორ ჩამოვარდა ჭაღი რკინის მაგიდაზე, როგორ გადმოიყარა მარცვლეული საწყობის კუთხეში მოთავსებული ტომრებიდან. როგორი მძივები და სამკაულები ჰქონდათ სამეფო გვარის წარმომადგენლებს მეორე და მესამე სართულზე, სად ინახებოდა საბრძოლო აღჭურვილობა და ა.შ.

ალბათ, საკუთარ ოთახს ვერ აღვწერ იგივე სიზუსტით, როგორც იულონი ამ სასახლეზე ლაპარაკობს. დედოფლის გორაზე ჩატარებული გათხრები და პალინოლოგიური კვლევა კიდევ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აქ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი აბრეშუმის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული კვალი იპოვეს. აბრეშუმი დიდი ხნის მანძილზე მხოლოდ ჩინეთში იწარმოებოდა და მისი წარმოების დეტალების გასაჯაროება სიკვდილით ისჯებოდა, ამბობს იულონი.

ინტერვიუს ბოლო ნახევარი საათი ჩუმად ვიჯექი და იულონთან ერთად მის წიგნებს ვფურცლავდი, ის კი ყველა დასურათებული არტეფაქტისა და ორნამენტის ისტორიას მიყვებოდა. იმის შიშით, რომ კითხვებით ვღლიდი ინტერვიუ ბოლოსკენ წავიყვანე და მალევე დავემშვიდობე.

იულონ გაგოშიძესნაირ მეცნიერებთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა, მაშინაც კი, როცა მათ პროფესიაზე ბევრი არაფერი ვიცი. ზოგადად, ადამიანი რომელიც ამდენი ხნის მანძილზე პროფესიისადმი ინტერესს არ კარგავს და იგივე ენთუზიაზმით საუბრობს, როგორც, ალბათ, 50 წლის წინ საუბრობდა, შთაგონების წყაროა და დამაიმედებელია.

იულონ გაგოშიძე სხვადასხვა დროს სხვადასხვა უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს. მისი სტუდენტები, სავარაუდოდ, არქეოლოგიისადმი იგივე ენთუზიაზმს იზიარებენ და ჩვენ კოლექტიურ ცოდნას ყოველდღიურად ბევრ რამეს მატებენ. ეს პროფესიონალიზმი და სამაგალითო ცნობისმოყვარეობა მეცნიერებას ყველაზე რთულ პერიოდებშიც "აცოცხლებს".

მიუხედავად იმისა, რომ იულონ გაგოშიძესთან საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ინტერვიუ მქონდა, არქეოლოგიაში, ისევე როგორც ისტორიაში ჩემი არაკომპეტენტურობის გამო, ვშიშობ ამ სტატიას მეტს ვეღარ გავავრცობ. მხოლოდ იმას დავძენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერება საქართველოში მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობაში არაა, ადამიანების ცნობისმოყვარეობაში და მოწადინებაში ეჭვი არ მეპარება, რაც მომავლის იმედის საფუძველს იძლევა.