ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში საველე ჰოსპიტლების არსებობა არ განიხილება, რადგან გვაქვს სხვა ქვეყნის მაგალითები, რომლებმაც გააკეთეს და არ გამოიყენეს. ამის შესახებ ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საველე ჰოსპიტლებზე არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება. ჩვენ ამას არ განვიხილავთ ვინაიდან გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზება მოხდა და შემდეგ არცერთი პაციენტის მკურნალობა არ მოხდა იქ. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც სავალე ჰოსპიტლები გამოიყენეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, ჩვენ გვაქვს სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს იმისათვის, რომ არ გახდეს საველე ჰოსპიტლების არსებობის საჭიროება. ამიტომ საველე ჰოსპიტლები არ განიხილება", — განაცხადა ტიკარაძემ.

24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 045, გარდაიცვალა — 39. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულია 92 215 ადამიანი, გარდაიცვალა 1 051.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.