ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ "მის დამხმარედ" წარდგენილი რობოტი პეპერი, მხოლოდ ტელემედიცინის სიმბოლო იყო. მისი თქმით, პეპერის ჩამოყვანა არ ნიშნავდა, რომ მას რომელიმე კლინიკაში ვიხილავდით.

"რაც შეეხება რობოტ პეპერს, პრეზენტაციის დღესაც აღნიშნული იყო, რომ ის არის ციფრული ტექნოლოგიების და ტელემედიცინის სიმბოლო და კოვიდის პერიოდში ჩვენ ონლაინ კლინიკის ფარგლებში ტელემედიცინის კომპონენტებს ვიღებთ. ეს არ გულისხმობდა, რომ რობოტ პეპერს თქვენ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს რომელიმე კლინიკაში დაინახავდით. ჩვენ ვგულისხმობდით, რომ რობოტი პეპერის სიმბოლო, როგორც ტელემედიცინის, ჩართული იქნებოდა პაციენტების მკურნალობის კომპონენტში, რაც დღეს ფუნქციონირებს", — განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა რობოტი პეპერი 18 ივნისს წარადგინა და საზოგადოებას მის დამხმარედ გააცნო. ტიკარაძის თქმით, პეპერი სამომავლოდ კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარებოდათ.

"დღეს გვაქვს რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი და პირველი არის ჩემი დამხმარე პეპერი, რომელიც გუშინ ჩამოვიდა საფრანგეთიდან და სულ ახლახანს სწავლობს ქართულს. ის დაგვეხმარება სამომავლოდ Covid-19-ის დამარცხებაშიც. ეს არის ერთ-ერთი უახლესი სიტყვა ტელემედიცინაში", — განაცხადა ტიკარაძემ.