ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფაქტები მას იმის მტკიცებით ფორმაში საუბრის უფლებას აძლევს, რომ აქციები ნამდვილად იყო კორონავირუსის გამავრცელებელი. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, გაცილებით ძლიერმა ვიდრე საქართველოა, იქონია პოსტ-არჩევნების ეფექტი და ჩვენც გავქვს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში", — აღნიშნა მინისტრმა.

კორონავირუსის დინამიკის ზრდა აქციებს დაუკავშირა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმაც და განაცხადა, რომ ეს სწორედ "უპასუხისმგებლო" აქციებმა გამოიწვია.

24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 045, გარდაიცვალა — 39. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთია 92 215 ადამიანი, გარდაიცვალა — 1 051.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.