ალბათ, ყველას გინახავთ ის ფოტოკოლაჟები, სადაც ერთი და იმავე ქალაქების ფოტოებია შედარებული პანდემიამდე და მის შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოები ძირითადად, ერთი ადგილიდანაა გადაღებული, მათ შორის განსხვავება მაინც საკმაოდ დიდია. ერთი შეხედვით, COVID-19-ით გამოწვეულმა იზოლაციამ და გადაადგილების შეზღუდვებმა საგრძნობლად შეამცირა ატმოსფეროს დაბინძურება მავნე აირებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიხედვით, საერთო სურათი მაინც საკმაოდ მძიმე და შემაშფოთებელია.

WMO-ში განაცხადეს, რომ 2020 წელს CO2-ის გლობალური გაფრქვევის საშუალო დონე, წინა წლებთან შედარებით, შემცირდება, თუმცა იგი ნახშირორჟანგის ატმოსფერულ დონეზე საკმაოდ უმნიშვნელო გავლენას მოახდენს. ეს ცვლილება ამ აირის ყოველწლიურ ფლუქტუაციებს გავს და შესაძლოა, მასზე კიდევ უფრო ნაკლებად მკვეთრიც კი იყოს.

2019 წელს ატმოსფეროში CO2-ის დონემ 410 ppm-ს (410 ნაწილი მილიონიდან) მიაღწია, იგივე მაჩვენებელი კი 2020 წლისთვის, სავარაუდოდ, უფრო მაღალი იქნება, თუმცა გლობალური პანდემიის ფონზე ვფიქრობდით, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა მსოფლიოში.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში შეზღუდული იყო როგორც ქვეყნებს შორის, ასევე საქალაქო და ქალაქშიდა გადაადაგილებები, ადამიანთა დიდი ნაწილი დროს დახურულ სივრცეებში ვატარებდით, რასაკვირველია, გარკვეულწილად შემცირდა ნახშირორჟანგის გაფრქვევა, თუმცა ატმოსფეროში უკვე ისედაც დიდი რაოდენობით იყო დაგროვილი ეს აირი, განსაკუთრებით კი მისი კონცენტრაცია გასული წლების მანძილზე გაიზარდა. შესაბამისად, CO2-ის გაფრქვევის შემცირებას, მხოლოდ ერთი წლით, გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება გარემოზე.

"ნახშირორჟანგი ატმოსფეროში საუკუნეების მანძილზე რჩება, ოკეანეში კი უფრო მეტ ხანს", — ამბობს WMO-ს გენერალური პროფესორი პეტერი ტალასი. "დედამიწაზე CO2-ის ისეთი მაღალი კონცენტრაცია, როგორიც დღეს გვაქვს, ბოლოს 3-5 მილიონი წლის წინ იყო, როცა დედამიწის საშუალო ტემპერატურა 2-3°C-ით, ზღვის დონე კი 10-20 მეტრით აღემატებოდა დღევანდელ მაჩვენებელს. თუმცა, ისიც უნდა აღინიჩნოს, რომ მაშინ დედამიწაზე 7.8 მილიარდი ადამიანი არ ცხოვრობდა", — განაცხადა მან.

როგორც მეცნიერები ათწლეულების მანძლზე გვაფრთხილებდნენ, ატმოსფეროში რაც მეტი CO2-ია, მით მეტი სითბო ხვდება სათბურის ეფექტის "ხაფანგში" — იმატებს ტემპერატურა, დნება ყინული, იმატებს ექსტრემალური ამინდის მოვლენების სიხშირე, ასევე, იზრდება ოკეანის წყლის მჟავიანობა და შესაბამისად, იგი ზღვის ცოცხალი ორგანიზმებითვის საცხოვრებლად არახელსაყრელი ხდება.

1990 წლიდან მოყოლებული, WMO აცხადებს, რომ ჰაერში სათბურის აირების კონცენტრაციის გაზრდამ გამოიწვია სრული რადიაციული ძალის 45%-ით გაზრდა. რადიაციული ძალა წარმოადგენს დედამიწის მიერ შთანთქმული მზის სინათლისა და დედამიწიდან კოსმოსში გაფანტულ რადიაციას შორის სხვაობას. ეს ტერმინი კლიმატის ცვლილების საერთო ეფექტს აღნიშნავს. ამ ეფექტის 4/5-ზე პასუხისმგებელი სწორედ ნახშირორჟანგია.

კიდევ ერთი გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ სათბურის აირების დონე ატმოსფეროში ისევ საკმაოდ მაღალია და მისი მომატების ტენდენცია ისევ აღინიშნება, რასაც განსაკუთრებით ის ფაქტორები იწვევს, რომლებიც COVID-19-ით გამოწვეულ შეზღუვებთან არაა კავშირში. ასეთი ფაქტორია მარადი ყინულის დნობა, რის შედეგადაც ატმოსფეროში გამოიყოფა ნახშირორჟანგისა და მეთანის აირები.

"ჩვენ 2015 წელს დავარღვიეთ გლობალური ბარიერი, როდესაც ატმოსფეროში CO2-ის დონემ 400 ppm-ს გადააჭარბა, სულ რაღაც 4 წლის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი უკვე 410 ppm-საც კი გასცდა. დღევანდელი მონაცემებით, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის ასეთი სწრაფი ტემპი არასდროს ყოფილა დაფიქსირებული", — განაცხადა ტალასმა.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იზოლაციამ, დახურულმა სამუშაო ადგილებმა და გადაადგილების შეზღუდვამ გარემოზე ცვლილებები არ მოახდინა: WMO-ს შეფასებით, CO2-ის გაფრქვევა წლის გარკვეულ მონაკვეთში 17%-ით შემცირდა, მთელი წლის საშუალო მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 4.2-7.5 %-ით დაიკლებს (ზუსტი ციფრების დადგენას წლის ბოლოს უნდა ველოდოთ).

თუმცა, CO2-ის გაფრქვევის მოკლე პერიოდით შემცირება მხოლოდ დროებით შეაჩერებს ატმოსფეროში ამ აირის კონცენტრაციის ზრდას. მოსალოდნელია, რომ მისი შემცველობა ჰაერში, შარშანდელთან შედარებით, გაზრდილი იქნება, თუმცა ზრდის მაჩვენებელი გასულ წლებთან შედარებით ბევრად დაბალი იქნება. 2018-2019 წლამდე იგი 2.6 ppm იყო, 2019 და 2020 წლებს შორის სხვაობა კი, შესაძლოა, 0.8 - 0.23 ppm-ზე ნაკლები აღმოჩნდეს.

ტალასი ამბობს, რომ გარემოში რეალური ცვლილებების მოსახდენად და CO2-ის კონცენტრაციის შესამცირებლად საჭიროა ინდუსტრიული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო სისტემების "სრული ტრანსფორმაცია". ეს იქნება ერთადერთი ეფექტური გზა ამ მიმართულებით მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

იმის გათვალისწინებით, თუ ადამიანების ცხოვრების სტილის სრულმა ცვლილებამ რამდენად უმნიშვნელო გავლენა მოახდინა ატმოსფეროში CO2-ის შემცველობაზე და ზოგადად, გარემოზე, ნათელია, თუ რამდენად დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენთვის გლობალური დათბობა და ჰაერის დაბინძურება.

"COVID-19-ით გამოწვეული პანდემია კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრის გზას არ წარმოადგენს", — განაცხადა ტალასმა.