უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ახალი შეზღუდვები არ წესდება. როგორც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, წერტილოვან შეზღუდვებს ისევ განიხილავენ, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

"დღეის მდგომარეობით, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული. სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე, მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გუშინაც და დღესაც ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოქდაუნების შესახებ. კიდევ ერხელ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული და გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება არის სწორედ ის, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება", — განაცხადა მან.

24 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 045, გარდაიცვალა — 39. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 111 818-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთია 92 215 ადამიანი, გარდაიცვალა 1 051.

ეპიდემიოლოგები და სამთავრობო გუნდის წევრები ამბობდნენ, რომ ვირუსის პრევენციისთვის შეზღუდვები აუცილებელია, თუმცა სრული "ლოქდაუნი" ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, ამიტომ ეტაპობრივად, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: