შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ამერიკაში ვერავინ შეძლებს და იგი მხარეებმა თავად უნდა იპოვონ.

"შეიძლება ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა. ვიცი, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს. შეიძლება ამაში ასევე შედიოდეს ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. იმედია პომპეომ პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ამაზე ისაუბრა, რომ გაათავისუფლონ ყველა, ვინც პროტესტის გამოთქმის საკუთარი უფლების გამოხატვისთვის არასწორად დააკავეს. ზუსტად რა შეიძლება იყოს კომპრომისი და გამოსავალი, ეს ქართველების გადასაწყვეტია", — აღნიშნა კრამერმა.

გარდა ამისა, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კრამერმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვიზიტისთვის შესაფერისი დრო არ იყო. მას მიაჩნია, რომ პომპეომ ვიზიტს თავი არცთუ ისე კარგად გაართვა, რადგან იგი ოპოზიციასაც არ შეხვედრია. კრემერის აზრით, შეხვედრა უნდა გამართულიყო ოპოზიციურ პარტიებთანაც, რადგან ამით პომპეო ხაზს გაუსვამდა, რომ ამერიკა მხარს არ უჭერს რომელიმე ერთ მახარეს, არამედ ყველა მხარეს მოუწოდებს კომპრომისის გამონახვისკენ.