სტრიმინგის გიგანტმა Netflix-მა ორშაბათს, 23 ნოემბერს, განაცხადა, რომ ლაზიერის გამბიტი (The Queen’s Gambit) 62 მილიონი ნახვით ნეტფლიქსის ყველაზე ნახვადი მინისერიალი გახდა. სერიალი, რომელშიც მთავარი პერსონაჟის, ბეთ ჰარმონის, როლს ანია ტეილორ-ჯოი ასრულებს, 23 ოქტომბერს გამოვიდა. შოუ უოლტერ ტევისის წიგნზეა დაფუძნებული.

ლაზიერის გამბიტი ჭადრაკის ვუნდერკინდი ობოლი გოგონას ცხოვრებას მოგვითხრობს. სერიალის მოვლენები ცივი ომის პერიოდში ვითარდება და ის ბეთ ჰარმონის ცხოვრებას წარმოგვიდგენს 8-იდან 22 წლამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ადიქციას ებრძვის, პარალელურად კი ნელ-ნელა მსოფლიოში საუკეთესო მოჭადრაკე ხდება.

Netflix-მა აღნიშნა, რომ შვიდეპიზოდიანი სერიალი მის ტოპ 10-ში მოხვდა 92 ქვეყანაში, ხოლო 63 ქვეყანაში — მათ შორის დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში, ისრაელსა და სამხრეთ აფრიკაში — 1-ლი ადგილი დაიკავა.

მინისერიალის წარმატებამ აშკარად გაზარდა ინტერესი ჭადრაკის მიმართ; Google-ში ჭადრაკზე ინფორმაციის მოძიების სიხშირე გაორმაგდა, eBay-ზე ჭადრაკის ნაკრებებზე მოთხოვნა 250%-ით გაიზარდა, ხოლო Chess.com-ზე — ჭადრაკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ სივრცესა და სოციალურ ქსელში — ახალი მოთამაშეების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა.

"ეს სერიალი იმის ჭეშმარიტი დასტურია, თუ რამდენად შესანიშნავი სცენარისტი და რეჟისორია სკოტ ფრენკი, რომელმაც მოახერხა, რომ ჭადრაკის მატჩების მთელი დრამა და წვრილმანები ეკრანზე გაეცოცხლებინა. მას სერიალზე მომუშავე უნიჭიერესი ხალხიც ძალიან დაეხმარა: კოსტიუმების დიზაინერის, გაბრიელ ბაინდერის, მიერ ჭადრაკის დაფის ვიზუალის ძალიან დახვეწილად წარმოჩენა ბეთის სამოსებში; კომპოზიტორ კარლოს რაფაელ რივერას დაძაბული მუსიკა; მიშელ ტესოროს სულისშემკვრელი მონტაჟები; კინოწარმოების მენეჯერის, ული ჰანიშის, ენერგიული არჩევანები, რომლებიც თითოეულ სცენას ეკრანზე აცოცხლებს; და კინოოპერატორი სტივენ მაიცლერი, რომლის ნამუშევარმაც თითოეული მატჩი გულისამაძგერებელ დრამად გარდაქმნა", — თქვა ნეტფლიქსის ორიგინალური სერიალების ვიცე-პრეზიდენტმა პიტერ ფრიდლენდერმა.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…