ნუკა ლენტეხის რაიონის სოფელ ხელედიდანაა. ის ცერებრალური დამბლით დაიბადა, თუმცა, მშობლების მხარდაჭერით დამოუკიდებლად სიარული შეძლო. 30 წლის ასაკში, ანთება დაემართა და სიარულის შიში გაუჩნდა. მას შემდეგ, დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, რეაბილიტაცია და შემდეგ ოპერაცია სჭირდება. მის ისტორიას გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი, ქალები საქართველოდან გვიყვება.

ნუკამ ლენტეხში 9 კლასი დაასრულა. ამბობს, რომ განათლების მიღება სურდა, თუმცა სკოლამ დამატებითი დრო არ დაუთმო და სწავლის გაგრძელების საშუალება წაართვა:

"მაშინ კომპიუტერები არ იყო, მე ხელით წერა მიჭირდა. სკოლამ კი დამატებითი დრო არ დამითმო, სწავლა რომ გამეგრძელებინა — გამოსავალი გამონახეს და მეათე კლასში არ გადამიყვანეს".

მოგვიანებით, სოციალური ქსელების საშუალებით, ნუკამ უამრავი შშმ მეგობარი შეიძინა. მათი თანადგომის შემდეგ, სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ბრძოლა დაიწყო. როგორც ყვება, 39 წლის ასაკში ბარიერების გადასალახავად საკუთარ თავში ძალა გამონახა, სახლიდან წამოსვლა და სწავლის დაწყება გადაწყვიტა.

ნუკა ახლა სრულიად დამოუკიდებლად ცხოვრობს, ქირაობს ბინას, აფინანსებს საკუთარ თავს, მიიღო ეტლი. წარმატების პარალელურად, დაფასებასა და პატივისცემას გრძნობს, თუმცა, ამბობს, რომ ბევრი სირთულის გამოვლა უწევს. ხშირად, ტაქსი გადაადგილებაზე უარს ეუბნება და როცა იგებს, რომ შშმ პირია, გამოძახებას უუქმებს.

პანდემიის გამო, სამსახურში 13 მარტის შემდეგ არ ყოფილა. სახლში ყოფნა უჭირს, ვერც კომპიუტერის შეძენას ახერხებდა და შესაბამისად, მუშაობაშიც ხელი ეშლებოდა. მას შემდეგ, რაც მისი ამბავი პროექტის, ქალები საქართველოდან, ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა, ლიბერთიმ ახალი ლეპტოპი გადასცა.

დღევანდელი დღის დასასრულს, ერთი ძალიან მაგარი ამბავი და ემოცია უნდა გაგატანოთ. ჩვენს რესპონდენტს, ნუკას, ახალი ლეპტოპი...

Posted by ქალები საქართველოდან Women of Georgia on Wednesday, November 18, 2020

საჩუქრის მიღების შემდეგ, ის ისევ ახერხებს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან და რაც მთავარია, თავისუფალ დროს საყვარელ საქმეს აკეთებს: ლექსებსა და ჩანახატებს წერს.

"სოციალური პროგრამა ლიბერთი #გულით თითქმის ერთი წელია მიმდინარეობს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში მოვახერხეთ ბევრ ადამიანს დავდგომოდით გვერდში. განსაკუთრებით მიხარია, რომ კიდევ ერთ, ძალიან ძლიერ ქალს მივეცით შესაძლებლობა თავისი საყვარელი საქმიანობა გააგრძელოს, იმუშავოს და მეგობრებს სახლიდან გაუსვლელად ეკონტაქტოს. გულით ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვიყოთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვჭირდებით", — ამბობს ლიბერთის კომუნიკაციების მენეჯერი ნინი ბუკია.

სახლიდან გარეთ, დიდი მიზნებისკენ

ნუკამ ახალი ცხოვრება კოლეჯ სპექტრში დაიწყო, სადაც სწავლასთან ერთად, ცხოვრობდა კიდეც. მისი სიტყვებით, შენობა ადაპტირებულია. ის იხსენებს დირექტორისა და კურსელების მხრიდან მხარდაჭერასა და ყურადღებას, რამაც ცვლილებებისთვის მოტივაცია გაუძლიერა:

"სულ თავზე მევლებოდნენ და ყველა ძალიან მიყვარს. ისეთი მონდომებული ვიყავი, ყველა შეხვედრასა და ღონისძიებას ვესწრებოდი".

შემდეგ მასზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს და ნუკა თბილისშიც ჩამოვიდა. ფილმს მისი საკუთარი ცხოვრება ჰქვია.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ, გაიგო, რომ განათლების სამინისტრო შშმ პირების დასაქმებას აპირებდა. სასწავლებლის რეკომენდაციით სამინისტროში გასაუბრებაზე მოხვდა, დიდი კონკურსის მიუხედავად, სამინისტროს საშვთა ბიუროში ოპერატორის თანამდებობაზე აიყვანეს:

"ჩემთვის ეს დედამიწაზე მეორედ დაბადება იყო. სამსახურში მართლა სრულფასოვან ადამიანად მიმიღეს — მინისტრიდან დაწყებული, ყველა კოლეგისგან დიდ პატივისცემასა და დაფასებას ვგრძნობ. ამ პოზიციაზე ორი შშმ გოგო ვმუშაობთ და ჯერჯერობით, ნახევარ შტატზე ვარ, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ვეცდები, სრული დატვირთვითაც ვიმუშაო".

და მართლაც, ბევრი შრომის და ბრძოლის შემდეგ ნუკა რეალიზებულია, თუმცა ამბობს, რომ ამას ადამიანების მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებდა. ახლა ის სხვებს მოუწოდებს, იყვნენ ძლიერები:

"ზოგადად, ყველა ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით შშმ პირისთვის, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ადამიანების მხარდაჭერას და მე ამან გადამარჩინა. მეც მინდა, ყველა იმ შშმ ადამიანს მოვუწოდო, რომლებიც კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ — გადაწიონ ფარდები და საზოგადოებას ისეთები დაენახონ, როგორიც არიან. არასოდეს უნდა შეგვრცხვეს საკუთარი თავების, რადგან ჩვენ ისეთივე სრულფასოვანი ადამიანები ვართ, როგორიც სხვები. იბრძოლეთ თქვენი უკეთესი ცხოვრებისთვის და არ გახდეთ არავის მონა-მორჩილი, არც საკუთარი ოჯახის წევრების".