ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარკვეულწილად აუცილებელია შეზღუდვების დაწესება და სრულად ვერ იქნებიან დამოკიდებული ადამიანების ქცევაზე. ამის შესახებ მან იმედის ეთერში განაცხადა.

"გარკვეულ წილად მნიშვნელოვანია შეზღუდვების დაწესება, ჩვენ ვერ ვიქნებით სრულად დამოკიდებული ადამიანების ქცევაზე და მოწოდებებზე. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს ეპიდემიოლოგებთან ერთად. გვინდა იყოს უფრო მიზნობრივი შეზღუდვები, რომელიც მოგვცემს ეფექტს ვირუსის გავრცელების კუთხით და ეს არ იქნება ძალიან დიდი დარტყმა ეკონომიკისთვის", — განაცხადა ტიკარაძემ.

23 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 531, გარდაიცვალა — 36.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა.