პროფკავშირები ქართული სახლის [დელისიას] გაფიცული თანამშრომლების მხარდასაჭერად აქციას აანონსებენ. სოლიდარობის აქცია ხვალ, 24 ნოემბერს ცინცაძის ქუჩაზე, სუპერმარკეტ კარფურის წინ გაიმართება.

დასაქმებულთა მოთხოვნებია:

  • სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული 17 თანამშრომლის აღდგენა;
  • ჯარიმის სახით დაკისრებული თანხის დაბრუნება და
  • შრომის პირობების გაუმჯობესება.

ქართული სახლის დასაქმებულებმა ხელფასების სისტემატიური დაგვიანება გააპროტესტეს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, ჯანდაცვის მინისტრს მიმართეს, სადაც მედიატორის დანიშვნა მოითხოვეს. თუმცა, მედიაციის პროცესი, პრაქტიკულად, უშედეგოდ დასრულდა — კომპანიამ კოლექტიური დავის მონაწილე 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა, დასაქმებულთა ნაწილი კი ხელფასის 49%-ით დააჯარიმა.

"ქართული სახლი დასაქმებულებს ან უგვიანებს ხელფასის გადახდას ან ნაკლულად უხდის. ასევე, ყოველგვარი ადეკვატური დასაბუთების გარეშე აჯარიმებენ ხელფასის დიდი ოდენობებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასაქმებულების ხელფასი 500-600 ლარია, ჯარიმის 49% იმდენად მაღალია, რომ დასაქმებულები თვიდან თვემდე თავის გატანასაც კი ვერ შეძლებენ", — აცხადებენ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში.

მათივე თქმით, შრომითი პირობები არის მძიმე — დასაქმებულებს ეკრძალებათ სამუშაო საათებში მცირე ხნით ჩამოჯდომაც კი, მიუხედავად იმისა არის თუ არა კონკრეტულ მომენტში დასაქმებულის მხრიდან ფეხზე დგომის საჭიროება. პროფკავშირების ინფორმაციით, კომპანია ზღუდავს დასაქმებულთა გამოხატვისა და ასოციაციის თავისუფლებებს, ზეწოლისა და მუქარის გზით და სახეზეა დისკრიმინაციულ ნიადაგზე დასაქმებულთა სამსახურიდან დათხოვნაც.

ქართულ სახლში [დელისია] აცხადებენ რომ სამსახურიდან მხოლოდ 4 თანამშრომელი გათავისუფლდა, რაც მათი თქმით გაფიცვებს არ უკავშირდება. კომპანიის იურისტმა, ლიკა ჭიქაძემ On.ge-ს უთხრა, რომ აქედან ერთი თანამშრომელი დისციპლინარული გადაცდომის გამო გაუშვეს სამსახურიდან, დანარჩენ სამს კი გამოსაცდელი პერიოდი ამოეწურათ.

"1-2 ან 5 დღე თუ გადაცილდა ხელფასის ჩარიცხვას და გადაცილებული ხელფასის დანამატიც ჩარიცხული აქვთ. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარია მათი პროტესტი. ალბათ, პროფკავშირების მიერ არიან ეს ახალგაზრდები მართულნი, რადგან რამდენიმე წლის წინ წააგეს მათ ჩვენთან დავა", — ამბობს ქართული სახლის იურისტი, ლიკა ჭიქაძე.

რაც შეეხება თანამშრომელთა ნაწილის 49-ით დაჯარიმებას, დელისიას იურისტის თქმით, დაჯარიმებას შესაბამისი საფუძველი ჰქონდა.

მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, დასაქმებულები გაიფიცნენ და კომპანიის ერთ-ერთ მაღაზიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. პროფკავშირების ინფორმაციით, დღის ბოლოს კომპანიამ კანონიერი გაფიცვის 13 მონაწილე სამსახურიდან გაათავისუფლა. პროფკავშირები და ქართული სახლის ყოფილი დასაქმებულები დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებენ.

ქართული სახლი [დელისია] ხორცპროდუქტების კომპანიაა, ხოლო ხორცპროდუქტების გასაყიდი დახლები, სადაც ქართული სახლიდან გათავისუფლებული პრომო გოგოები და მერჩენდაიზერები მუშაობენ, კარფურის ქსელშია განთავსებული.

სოლიდარობის აქციის ორგანიზატორები არიან:

  • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება [GTUC]
  • აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირი და
  • პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა.