დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას დიდი კლინიკების მიმდებარედ საველე ჰოსპიტლების გახსნის მოთხოვნით მიმართავს. კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, რომ 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას, რომლებიც შესაბამისი ინვენტარით იქნება აღჭურვილი. მათივე თქმით, ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები.

"კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებლობას წარმოადგენს რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა "ლოკდაუნი". სრულ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს. სამუშაო ადგილების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველივეს გათვალისწინებით რეკომენდებულია: მოწყვლადი ჯგუფისთვის კვლავ ამოქმედდეს პრინციპი — დარჩი სახლში; შეიზღუდოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპენსიო ასაკის ადამიანების გადაადგილება, ვინაიდან მათში ხშირია ქრონიკული დაავადებები", — აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე განცხადებით, Covid-19-ის შემთხვევების მასშტაბების გავრცელების შეზღუდვისთვის შემდეგი ღონისძიებები უნდა გატარდეს:

  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, რეკომენდებულია მიკროავტობუსში, ავტობუსსა და მეტროს ვაგონში მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში მგზავრობა, დისტანციის დაცვით. ფეხზე დგომით მგზავრობა არარეკომენდირებულია, ვინაიდან ვირუსს ახასიათებს დალექვა და ადვილად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ახლოს მჯდომ მგზავრს;
  • სავაჭრო ობიექტებს დაერთოთ ნება განაგრძონ მუშაობა დისტანციის დაცვით, რეკომენდებულია 10 კვადრატული მეტრის მქონე ფართში ერთდროულად მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა. ნებისმიერი კვების ობიექტი რეკომენდებულია, მუშაობდეს ღია სივრცეში და დაცული იყოს დისტანცია მაგიდებს შორის მინიმუმ 4 მეტრი;
  • სილამაზის სალონებში რეკომენდებულია, დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის, გამოვიყენოთ ერთჯერადი წინსაფრები და ყოველი მომსახურების შემდეგ, სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხო საქმიანობისთვის რეკომენდებულია ყველა პაციენტს სტომატოლოგიური დახმარების გაწევამდე ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი, რომლის შემთხვევაშიც პასუხი ცნობილია 10-15 წუთში.

23 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 531, გარდაიცვალა — 36.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 012 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: