მთავრობის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია On.ge-ს ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მეზვრიშვილმა ფეისბუქგვერდზე გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა, სადაც მადლობა გადაუხადა ყველას, თუმცა გამორჩეული მადლიერება პრემიერმინისტრ, გიორგი გახარიას მიმართ გამოხატა.

"13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე.

მადლობა ყველას — მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია.

გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა", — წერს ის.

ნათია მეზვრიშვილი მუშობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ასევე, კითხულობდა ლექციებს ილიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 2017-19 წლებში ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, მას შემდეგ, რაც გახარია მთავრობაში გადავიდა, მეზვრიშვილი გახდა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი, მოგვიანებით კი ადმინისტრაციის უფროსი.