სამხედრო მოსამსახურეებისთვის მინიატურული, კომუფლირებული ახალი აღთქმის დარიგება თავდაცვის სამინისტროს 70 000 ლარი დაუჯდა. უწყებამ მომსახურება გამარტივებული წესით გამომცემლობა პალიტრა L-სგან შეიძინა.

14 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ღირებულება მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს საქონლის მიწოდებასთან, ტრანსპორტირებასთან და შემსყიდველისთვის გადაცემას.

როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, დაიბეჭდა წიგნის 20 000 ეგზემპლარი, თითოეულის ღირებულება კი 3,5 ლარია.

ფოტო: შესყიდვების სააგენტო

სამხედროებს მინიატურული ახალი აღთქმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დარიგდა. ინფორმაცია უწყებამ პრესრელიზით გაავრცელა, სადაც წერს, რომ "წმინდა წიგნების დარიგება" სამინისტროს ინიციატივა იყო.

"მინიატურული ახალი აღთქმა საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია, ფურცლები კი, მყარი, თხელი და გასანთლულია, რომ არ დასველდეს. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის.

ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას — 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე, ქართველი მეფეების — ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი", — წერია პრესრელიზში.

უწყებაში ამბობენ, რომ გიორგობის ღვთისმსახურების ჩატარების შემდეგ, სენაკში, II ქვეით ბრიგადაში მდებარე ტაძრის წინამძღვარმა მინიატურული ახალი აღთქმა დასავლეთის სარდალს და ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას დაურიგა და მისი ტარების ტრადიციისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.