პროკურატურა მოითხოვს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძევლების აყვანის საქმეზე ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდოს, დაცვის მხარე კი გირაოს. ამის შესახებ ადვოკატმა და პროკურორმა სხდომის დაწყების წინ განაცხადეს.

"ვითხოვთ გირაოს 1 000 ლარის ოდენობით. ეს იმიტომ, რომ მას სურს დადგინდეს ჭეშმარიტება და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ამიტომ ვართ ამ პოზიციაზე, სხვა შემთხვევაში მოვითხოვდით დარბაზიდან გათავისუფლებას. გირაოს შემთხვევაშიც მოვითხოვთ, რომ გათავისუფლდეს დარბაზიდან.

არანაირი მძევლობა, მას გადაადგილების თავისუფლება არავისთვის არ შეუზღუდავს. არავის უხეშად არ მოპყრობია, არავისთვის საშიში არ ყოფილა. ერთ-ერთ მომლაპარაკებელს გავესაუბრე და მან თქვა, რომ ვეუბნებოდი [მოქალაქეებს] წადით და არ მიდიოდნენო. ერთი ამბობდა მენეჯერი ვარო, მეორემ სალაროს თანამშრომელი ვარო. რეალურად, ამ ფონში მონაწილეობა სურდათ, იმდენად ინტერესში იყვნენ, არ ვიცით" — განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ.

პროკურატურაში კი აცხადებენ, რომ პატიმრობა საჭიროა, რათა არ მოხდეს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება. მათი თქმით, დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზაც, რათა დადგინდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დანაშაულის ჩადენის დღეს და ხომ არ არის ის საზოგადოებისთვის საშიში.

"[საქმის მასალებიდან დასტურდება] ბრალდებულის მხრიდან იყო ხელყუმბარითა და იარაღით მუქარა. მითითებულ პირებს არ ჰქონდათ თავისუფალი გადაადგილების უფლება და მხოლოდ პოლიციის ჩარევით ეტაპობრივად მოხდა მძევლების გადათავისუფლება და საბოლოოდ, მოლაპარაკებების შედეგად მოხდა ბრალდებულის ჩაბარება", — განაცხადა პროკურორმა.

სხდომის პარალელურად სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი იყო შეკრებილი, რომლებიც ზურაბაშვილს მხარს უჭერენ.

20 ნოემბერს ერთი პირი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს.

შენობიდან კადრები ინტერნეტში მალევე გავრცელდა. სავარაუდო თავდამსხმელი მძევლებს ეუბნებოდა, რომ პირდაპირი ეთერი ჩაერთოთ, რათა მედიებმა კადრები ნახონ და გააშუქონ. ის მოითხოვდა, რომ პარლამენტის დეპუტატები და ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები შეკრებილიყვნენ და 3 კანონი მიეღოთ: აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. გავრცელებულ კადრებში ის არ ასახელებდა, რა შემთხვევაში გაათავისუფლებდა მძევლებს და არც მომლაპარაკებელს ითხოვდა.

თავდაპირველად გამოძიება ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო. რადგან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულს მიკროსაფინანსოში ყუმბარა ჰქონდა შეტანილი. თუმცა ადვოკატის თქმით, ეს ყუმბარის ფორმის სანთებელა იყო.