საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ელოდებიან, რომ ყველა პარტია შეძლებს განსხვავებების გადალახვას და პარლამენტის ყველა არჩეული წევრი, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავის ადგილს დაიკავებს. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში, სადაც მითითებულია, რომ კომენტარი ქვეყნდება საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან კოორდინაციით.

"იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რომ პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რომ განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის, ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით", — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებისვე მიხედვით, პარლამენტმა, ასევე, სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

ამასთან, ევროკავშირის წარმომდგენლობაში აღნიშნავენ, რომ სრულად უჭერენ მხარს თითოეული მოქალაქის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების მშვიდობიანი გზით გამოყენების უფლებას და გმობენ ძალადობასა და ძალადობის მუქარას.

"მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, ხოლო ხელისუფლებას — დაიცვას კანონის უზენაესობა, მათ შორის ნებისმიერი ბრალდების სანდო და სწრაფი გამოძიების გზით, რასაც გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესები მოჰყვება", — აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე მიუთითებს, რომ დღეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გამონახონ საერთო ენა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ეფექტიანად გააგრძელოს დემოკრატიული გზით სვლა და ევროპული დღის წესრიგის განხორციელება საქართველოს, მისი მოქალაქეების ინტერესებისა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გათვალისწინებით. მათივე თქმით, ევროკავშირი კვლავ მზად არის დაეხმაროს საქართველოს ამ ძალისხმევაში.

"ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ პროცესებს და სამართლებრივი ჩარჩოების დაცვას. საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც – ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად – ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს", — აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ წუხილს გამოთქვამს იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა. გარდა ამისა, განცხადებაში წუხილს გამოთქვამენ მეორე ტურში ოპოზიციის არმონაწილეობის გამოც.

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ მხარს უჭერენ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ელოდებიან ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად.