ინდოეთის სამხრეთ რეგიონში სპილოს გადარჩენის 12-საათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა. სპილო, რომელიც ტამილ ნადუს რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მომიჯნავე ტყიდან შემოეხეტა, ჭაში ჩავარდა. ჭა ბუჩქებით იყო დაფარული და არაფრით არ ყოფილა შემოღობილი.

მსგავს ჭებში სპილოები აქამდეც ჩაცვენილან. გასულ წელს ორი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ტყეების გაჩეხვა ცხოველებს ხშირად ბუნებრივი გარემოს გარეშე ტოვებს, რის შემდეგაც ისინი ახალი საცხოვრებლის ძებნისას დასახლებებში ხვდებიან.

"საკმაოდ ღრმა და ვიწრო ჭა იყო", — განაცხადა ტყისმცველმა რაჯკუმარმა, — "ინფორმაცია ადგილობრივებმა მოგვაწოდეს და სპილოს ამოყვანა გვიან ღამით შევძელით".

მაშველებმა ჭა გარედან გაასუფთავეს, შემდეგ კი წყალი ამოტუმბეს. იმის გამო, რომ სპილო ამ ქმედებების დროს წინაარმდეგობის გაწევას ცდილობდა, საბოლოოდ, ცხოველი დააძინეს და ამწეთი ამოიყვანეს.

სპილო თავს კარგად გრძნობს. მას ამოყვანიდან სამი საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ, შემდეგ კი ტყეში გაუშვეს.