რამდენჯერ შესწრებიხართ სიტუაციას კომენტარებში, როცა პოლიტიკოს ქალს პირადი ცხოვრების, ჩაცმულობის, ხმის ტემბრისა თუ ემოციების გამო აკრიტიკებენ? ალბათ, წაგიკითხავთ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი ქალი, "წიკვინებს, წიწინებს ან წივის", სხვები კი, ვინც პრინციპულობასა და შეურიგებლობას იჩენენ, არაფემინურები და მამაკაცურები არიან. შეგიმჩნევიათ, რომ პოლიტიკოს კაცებზე არასდროს ამბობენ, რომ "პარტნიორი სჭირდებათ, რომელიც დაამშვიდებთ". ალბათ, იმასაც დაკვირვებიხართ, როგორ ამტკიცებენ ინტერნეტ-მომხმარებლები, რომ ესა თუ ის ქალი პოლიტიკაში თავისით კი არ მოვიდა, არამედ — ქმრის ან მამის ინტერესების გასატარებლად.

რა არის სექსისტური სიძულვილის ენა?

ეს ყველაფერი სიძულვილის ენის ერთ-ერთი სახეობა, სექსისტური სიძულვილის ენაა. მას მეორენაირად მოიხსენიებენ, როგორც გენდერული სიძულვილის ენას და მისი მთავარი სამიზნე ქალები არიან.

ქართველი პოლიტიკოსი ქალების მიმართ სექსისტურ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით Facebook გვერდების მონიტორინგი საფარმა და მედიის განვითარების ფონდმა გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ჩაატარეს. მათ სულ 112 გვერდი შეისწავლეს.

კვლევის ავტორის, გიორგი ურჩუხიშვილის თქმით, არ არსებობს სოციალური სივრცე, სადაც ქართველი ქალი პოლიტიკოსები სექსისტურ სიძულვილის ენას არ აწყდებიან. თუმცა ეს განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როდესაც ქალები საჯარო სივრცეში გამოდიან და წარმატებას აღწევენ. ამ დროს მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურდება სიძულვილის ენა, რომელსაც საფუძვლად მათი გენდერული იდენტობა და სექსუალობა უდევს.

"ფოკუს-ჯგუფის რესპონდენტების ნარატივის გაანალიზების შედეგად გამოვლინდა, რომ სექსისტურ სიძულვილის ენას ქართველი ქალი პოლიტიკოსების მიმართ იყენებენ თითქმის ყველა სოციალურ სივრცეში, როგორც მედიის თავდაპირველ ფორმებში — გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია, ასევე, ახალი ტიპის სოციალურ მედიაში, რომ აღარაფერი ვთქვათ უშუალო სოციალურ ინტერაქციასა და პარტიებს შორის შეხვედრებზე ან საპარლამენტო სხდომებზე", — ამბობს On.ge-სთან გიორგი ურჩუხიშვილი.

ქართველი ქალი პოლიტიკოსებისა და მედია/გენდერის ექსპერტების ნაამბობზე დაყრდნობით სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ფორმები შეიქმნა. ესენია:

  • Slut-shaming [სექსუალური პარტნიორების რაოდენობის / სექსუალური ცხოვრების ქონის გამო შერცხვენა];
  • სექსუალური შინაარსის ფოტოების გავრცელება;
  • სხეულით შერცხვენა [ხმის ტემბრი, ემოციური საუბარი];
  • ეიჯიზმი;
  • პოზიტიური სექსიზმი — ყალბი კომპლიმენტები, შარჟი,
    ხუმრობები, ჭორაობა;
  • გამოცდილებასა და პრინციპულობის ნაკლებობაზე მითითება;
  • სიძულვილის ვარიაციები ჰეტერონორმატიული [ტრადიციული] ოჯახის გამოყენებით;
  • ქალის გენდერული როლი;
  • საყვედურები ოჯახსა და დედობაზე;
  • "კაცური" ქცევის მქონე ქალი პოლიტიკოსის სიძულვილი;
  • კაცის დანამატი;
  • ფულზე გაყიდული, უმცირესობების უფლებების დამცველი ქალი პოლტიკოსების ჩაგვრა;
  • ცუდი ქართველი.

სექსისტური სიძულვილის ენა მხოლოდ ქართული რეალობისთვის არ არის დამახასიათებელი და ის ყოვლისმომცველი ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოშიც გახდა. მხოლოდ ევროპული სივრცისთვის დამახასიათებელი ინდიკატორებია:

  • Slut-shaming
  • სექსუალური შინაარსის ფოტოების გავრცელება;
  • სხეულით შერცხვენა [ხმის ტემბრი, ემოციური საუბარი];
  • ეიჯიზმი;
  • პოზიტიური სექსიზმი — ყალბი კომპლიმენტები, წახალისებული დანებება, შარჟი,
    ხუმრობები, ჭორაობა.

გიორგი ურჩუხიშვილი აღნიშნავს, რომ Slut-shaming ორ ქვეკატეგორიად იყოფა — "ვინმეს ქალი" და სექსუალური შინაარსის ფოტოების გავრცელება; "ვინმეს ქალი" კიდევ ორ ქვენაწილად იყოფა — ერთი ტიპის ქალი, რომელიც არ არის კომპეტენტური და კაცმა მოიყვანა ნაცნობობის საფუძველზე, და მეორე ტიპის ქალი, რომელიც შეიძლება, კომპეტენტური იყოს, მაგრამ რომელიმე პოლიტიკოსი კაცის საყვარელია. ურჩუხიშვილის თქმით, Slut-shaming-ის კლასიკური ნიმუში ქართულ სოციალურ სივრცეში წარმოქმნილი სოციალური კონსტრუქტია "მიხეილ სააკაშვილის [მიშას] ქალები".

ხშირად ამბობენ ხოლმე: იმის ქალები, ამის ქალები, იმის რძალი. მე ახლა, მაგალითად, მიშას რძალი, — სულ ასე მომმართავენ ხშირ შემთხვევაში, თუმცა არ ვარ ნამდვილად.

ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალი.

პარტიულად განპირობებული სექსისტური სიძულვილის ფორმები

ურჩუხიშვილის თქმით, ექსპერტების ჯგუფში გამომჟღავნდა პარტიულად განპირობებული სექსისტური სიძულვილის ფორმები. ის ამბობს, რომ Slut-shaming, მაგალითად, პარტია ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოს ქალებს უფრო ხშირად მიემართებათ ხოლმე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე, ხოლო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების წარმომადგენელ პოლიტიკოსს ქალებს, ბიძინა ივანიშვილთან კავშირის გამო, ძირითადად, მოიხსენიებენ, როგორც უტვინოებს, უშნოებს, ხიხოებს.

"განაწილდა, რომ თითქოს ნაციონალური მოძრაობის ქალები არიან "ბოზები" და "ნევროტულები", ხოლო ქართული ოცნების წარმომადგენლები — "მსუქნები", "მახინჯები", "უტვინოები", "გოიმები", — სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული, გუგული მაღრაძით დამთავრებული", — აღნიშნავს მკვლევარი.

ქართული ოცნებიდან ერთადერთი გამონაკლისი ნინო წილოსანია, რომელიც სექსუალური ობიექტის, Slut-shaming-ის სიძულვილის ენის სტანდარტში ჯდება. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ურჩუხიშვილის თქმით, ქალები რესპუბლიკური პარტიიდან, ძირითადად, სხვადასხვა უმცირესობის უფლებების დაცვის გამო ჰომოფობიური ენით ბულინგდებიან, ხოლო პატრიოტთა ალიანსი და კერძოდ, ირმა ინაშვილი — "კაცურობის" გამო.

იმის მაგივრად, რომ ქალი პოლიტიკოსის არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას გაუსვან ხაზი, ამბობენ, მაგალითად, რომ არის მახინჯი, რას ჰგავს, პატარა მკერდი აქვს, დიდი მკერდი აქვს, იმხელა საჯდომი აქვს და ა.შ.

ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე.

ფოკუს-ჯგუფში მონაწილე ქალი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა, სექსისტური სიძულვილის ენის მსხვერპლნი, ხაზგასმულად ფემინური ჩაცმულობის, ან მაკიაჟის ტარების გამო გახდნენ. ისინი ასევე სხეულის ნიადაგზე შერცხვენის შემთხვევებზეც საუბრობენ.

სოციალურ ქსელში ხშირია ქალი პოლიტიკოსის ხმის ტემბრზე, ასევე, ემოციური საუბრის მანერის გამო ქილიკიც.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც მიგრძვნია სერიოზული განსხვავება და პრობლემურია ჩემთვისაც, მათ შორის, არის ხმის ტემბრი. და განსაკუთრებით... ქალური ხმა. ემოცია როდესაც გემატება, ხმა კიდევ უფრო წვრილდება და ამაზე შემინიშნავს ხოლმე ჩაგვრა. ჩემნაირ ქალებს ხმა კიდევ უფრო არასასიამოვნო მოსასმენი უხდებათ და მერე მოდის კომენტარი: წიწინა, კიკინა და ა.შ.

ერთ-ერთი რესპონდენტი.

პოლიტიკოსი ქალი სიძულვილის ობიექტი ასაკის გამოც შეიძლება გახდეს. მაგალითად, "ნაცვლად შვილიშვილებთან თამაშისა და მათი აღზრდისა, რატომ რჩება ის საჯარო სივრცეში".

"ძალიან ხშირად ჩემ მიმართ იყო ესეთი პრეტენზია, რომ 60 წელზე მეტის ქალს რა უნდა პოლიტიკაში. დაჯექი, ქალო სახლში, შვილიშვილებს მოუარე და ა.შ. და მე არ მახსოვს რომელიმე კაცზე ეთქვათ, რომ თუ 60 ან 70 წლის ხარ, რა გინდა პოლიტიკაში და წადი", — ამბობს ერთ-ერთი ქალი პოლიტიკოსი.

თუკი ხანდაზმულ პოლიტიკოსებს ბებიობას უწუნებენ, ახალგაზრდას პოლიტიკაში ნაცნობობით მოსვლას აბრალებენ და მიიჩნევენ, რომ მას არ დაუმსახურებია. ერთი შეხედვით, ქალის პოლიტიკაში ყოფნისთვის "კარგი ასაკი" უბრალოდ არ არსებობს.

პოზიტიური სექსიზმი

რაც შეეხება ყალბ კომპლიმენტებს, რასაც პოზიტიურ სექსიზმადაც მოიხსენიებენ, ფოკუს-ჯგუფში მონაწილე ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს, რომ ქალი პოლიტიკოსების სილამაზის ხაზგასმით, პოლიტიკოსი კაცები ქალის წარმატებულობასა და პროფესიულ მიღწევებს ფარავენ და აუფასურებენ, ცდილობენ, ქალები ამ ხერხის გამოყენებით პროფესიული ველიდან განდევნონ და ხალხის ყურადღება მხოლოდ მათ ფიზიკურ მახასიათებლებზე გადაიტანონ. ექსპერტების შეფასებით, ეს აშკარა სექსისტური სიძულვილის ენაა.

ერთია სილამაზეზე საუბარი და მეორე იმაზე, რომ რომელიღაც პოლიტიკოსი ქალი უშნოა. ერთ-ერთი ექსპერტი ამბობს:

"სხვათა შორის, პირველად იუსტიციის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ გამოიყენა მიშა სააკაშვილმა ეს ტერმინი — მახინჯი ქალი, და მერე იმდენად მოეწონა, რომ ყოველთვის ამას იმეორებს წულუკიანზე. შეიძლებოდა დებატები რომ სხვა რანგში გადასულიყო, პოლიტიკურ დისკურსში გადასულიყო მათი პოლემიკა, მაგრამ არ გადაჰყავს, საუბარი იმით სრულდება, რომ ეს არის მახინჯი ქალი".

საზოგადოებაში აქტიურ ქალებს, აგრეთვე, ხშირად ეუბნებიან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.

ჩემთვის პირადად, პირდაპირ ეთერში დაურეკავთ და უთქვამთ აი, რა კაი გოგო ხარ და რა გინდა... წადი სახლში, კაი სადილი გააკეთე, აი, პირდაპირ უთქვამთ ასე. პირდაპირ ეთერში.

ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალი.

რესპონდენტები თანხმდებიან, რომ შარჟი, ფოტოები, ხუმრობები და ნებისმიერი სახის ჭორაობა უფრო მეტად ქალ პოლიტიკოსებს აზიანებს, ვიდრე — კაცებს.

"სურათები და გამოგონებები, თითქოს გუგული მაღრაძემ თქვა, რომ ცოლი და ქმარი ერთად უნდა იყონ მარტო სამშაბათობით; რომ გუგული მაღრაძის დისშვილმა რაღაცა ამბები გამოიტანა გლდანიდან, როცა და არ მყავს საერთოდ; რომ მე ქუთაისში ქალი გავიტანე მაშინ, როცა მანქანის მართვა არ ვიცი და ა.შ. ასეთი ფეიქები კაცის მიმართაც შეიძლება, მაგრამ ქალის მიმართ უფრო ნაყოფიერი ნიადაგია და ქალი უფრო ზარალდება"

სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ინდიკატორები

რაც შეეხება სექსისტური სიძულვილის ენის მხოლოდ ქართულ ინდიკატორებს, ქალ პოლიტიკოსებს საჯაროდ ხშირად უწუნებენ გამოცდილებასა და პრინციპულობას. კვლევაში აღნიშნულია, რომ თუ ქალი პოლიტიკოსი მუშაობს ისეთ საკითხებზე, რომელიც პატრიარქალური, ჰეტერონორმატიული ოჯახის, ან, ზოგადად, ქალის როლზე მოლოდინების მისაღებ ჩარჩოებში არ ჯდება, ასეთ პოლიტიკოს ქალებს ხშირად ეკითხებიან, უკომენტარებენ, მიმართავენ, თუ სად არის მათი ქმარი, მამა ან ვაჟი. ასევე, ქალი პოლიტიკოსი შეიძლება სიძულვილის ენის მსხვერპლი გახდეს, თუ მას ქმარი არ ჰყავს. გიორგი ურჩუხიშვილის თქმით, ამ ტიპის სიძულვილის ენის საფუძველი იმის დაშვებაა, რომ უქმრო ქალ პოლტიკოსს რაღაც არ აქვს "ნორმაში".

"თუ ქმარი არ გყავს, ეს გეთვლება, როგორც მინუსი. სხვათა შორის, ამას წინათ ჩემმა მეგობრებმა ფეისბუქ კამპანიისთვის გუგლში მოძებნეს, როგორ ეძებენ ადამიანები ჩემს სახელს და გვარს ყველაზე ხშირად და აღმოჩნდა, ყველაზე მეტად აინტერესებთ, ვინ არის ჩემი ქმარი. თუ ქმარი არ გყავს, არ ხარ სრულფასოვანი ქალი პოლიტიკოსი", — ამბობს ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალი.

ურჩუხიშვილის თქმით, ხშირად ვხვდებით სიძულვილის ენის მაგალითს, რომლის მიხედვით, ქალი პოლიტიკოსი იმიტომ არის აქტიური, რომ "ქმარმა ვერ მიხედა", "ვერ უპატრონა". ასევე, ხშირია ქმრის შეცოდება, როგორც ადამიანის, რომელიც აქტიური ქალის გვერდით "კაცობაჩამორთმეულად" აღიქმება.

რაც შეეხება ქალი პოლიტიკოსის გენდერულ როლს, ფოკუს-ჯგუფების მონაცემების გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ შეიძლება, კაც პოლიტიკოსზე სოციალურ სივცრეებში ხუმრობენ, დასცინიან და მიწასთან ასწორებენ მას, მაგრამ ეს ყველაფერი, შესაძლოა, ეხმარება კიდეც პოლიტიკური ქულების ჩაწერაში. აღსანიშნავია, რომ იგივე მოვლენა ქალის მიმართ სიძულვილის ენის წამახალისებელია, რადგან თუ ქალი სვამს ან ეწევა, დაკნინდება და ქილიკის ობიექტად იქცევა.

ერთ ჩვენს დეპუტატს მეოთხე ცოლი ჰყავდა თუ რაღაც. მე რომ გავიგე, განვცვიფრდი და კაცების რეაქცია იყო მოწონების ხითხითი და სიცილი. მაშინ ვუთხარი, ახლა ქალს რომ ეთქვა, მესამე ქმარი მყავსო, როგორ იქნებოდა თქვენი რეაქცია და კიდევ არ დამიწყოთ საუბარი გენდერულ თანასწორობაზე-მეთქი.

ერთ-ერთი პოლიტიკოსი ქალი

ქართველ პოლიტიკოს ქალებს, ასევე, არ პატიობენ არაფემინურობას, ახდენენ მათ "გაკაცებასა" და ბულინგს.

"ელენე ხოტარიას შემთხვევაში, მაგალითად რეზო ამაშუკელის ციტატა არის: "სხვათაშორის, ძალიან დიდი ხანი მეგონა, რომ ელენე ხოშტარია ახალგაზრდა ბიჭი იყო, მაგრამ ბოლოს გოგო აღმოჩნდა, რაშიც ბოლომდე მაინც არ ვარ დარწმუნებული. მაგას სანამ კვერცხებში ფეხს არ ამოარტყამენ, არ გაჩერდება", — მოიყვანა ციტატა ერთ-ერთმა ექსპერტმა.

ქალის გენდერული როლი

გიორგი ურჩუხიშვილი აღნიშნავს, რომ ქართულ სივრცეში მიღებული სექსისტური სიძულვილის ენის მაგალითია პოლიტიკოსი ქალების "გათხოვებაზე" ქილიკი.

"ბუში რომ იყო პრეზიდენტი, ღამის შოუს ასეთი ხუმრობა იყო, რა საერთო აქვს დავით გამყრელიძესა და ბუშსო და ისო, რომ ბუშმა კონდოლიზა რაისი ვერ გაათხოვა და გამყრელიძემ კიდევ ფიქრია ჩიხრაძეო. ანუ, ამაზე იცინოდნენ", — აღნიშნულია კვლევაში.

სექსისტური სიძულვილის ენად ითვლება ოჯახის თემით მანიპულაციაც. ერთ-ერთ ექსპერტს ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ კანდიდატების წარდგენის მაგალითი მოჰყავს, როცა ის ყველა ქალს ახასიათებდა ან როგორც გამორჩეულ ოჯახის ქალს და მის ოჯახზე საუბრობდა, ან ამბობდა, რომ არის გაუთხოვარი და აუცილებლად ბედი გაეხსნება.

"მახსენდება, მაგალითად, ანი მიროტაძის, ელისო ჩაფიძის წარდგენა. ძირითადად ამაზე უსვამდა ხაზს", — ამბობს ექსპერტი.

სიძულვილის ენას იყენებენ იმ პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებიც უმცირესობების უფლებებს იცავენ ან მათ მიმართ ემპათია აქვთ.

სექსისტური სიძულვილის ენა, იმის გარდა, რომ გენდერულ უთანასწორობას უკიდურესად ამწვავებს, ასევე, ამცირებს პოლიტიკური სუბიექტის მიერ გამოთქმული მოსაზრებისა თუ კამპანიის მნიშვნელოვნებასა და ღირებულებას.

ქალთა უფლებადამცველისა და ორგანიზაცია საფარის დირექტორის, ბაია პატარაიას თქმით, აღნიშნული კვლევა და მეთოდოლოგია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად შეაფასოს არის თუ არა ესა თუ ის გამონათქვამი სექსისტური შინაარსის.

"კვლევასა და მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით შეფასება ბევრად უფრო პროფესიონალურია. ეს არ არის მხოლოდ კვლევა, ეს არის სექსისტური ენის დადგენის მეთოდოლოგია, რაც აქამდე არ არსებობდა. ვინც ცდილობდა დაედგინა სექსისტური ენა, საერთაშორისო მეთოდოლოგიას იყენებდა, მაგრამ ქართული მეთოდოლოგია იმით არის განსაკუთრებული, რომ ის ძალიან კარგად ითვალისწინებს კონტექსტს", — ამბობს უფლებადამცველი On.ge-სთან.

მისივე თქმით, ორგანიზაცია კვლევისა და მეთოდოლოგიის პოლიტიკური პარტიებისთვის გაცნობასაც გეგმავს.

სექსისტური სიძულვილის ენის ქართული ფორმები ქალ პოლიტიკოსებთან, მედიისა და გენდერის ექსპერტებთან სამუშაო ფოკუს-ჯგუფებზე შეგროვებული პირველადი სოციოლოგიური ინფორმაციის ანალიზის საშუალებით შეიქმნა.