საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, წერეთელზე მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 144-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

20 ნოემბერს ერთი პირი წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს.

შენობიდან კადრები ინტერნეტში მალევე გავრცელდა. სავარაუდო თავდამსხმელი მძევლებს ეუბნება, რომ პირდაპირი ეთერი ჩართონ, რათა მედიებმა კადრები ნახონ და გააშუქონ. ის მოითხოვდა, რომ პარლამენტის დეპუტატები და ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები შეკრებილიყვნენ და 3 კანონი მიეღოთ: აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. გავრცელებულ კადრებში ის არ ასახელებს, რა შემთხვევაში გაათავისუფლებდა მძევლებს და არც მომლაპარაკებელს ითხოვდა.