2 000 წლის წინ ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურებულ რომის ქალაქ პომპეიში დაღუპული ორი კაცის სამარხს არქეოლოგებმა მიაგნეს. პომპეის მკვლევარი არქეოლოგების თქმით, ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელი იყო, მეორე კი — მისი ყმა.

ვარაუდობენ, რომ ორმა კაცმა მოახერხა, ფერფლისგან თავი დაეცვათ, თუმცა მომდევნო დღეს ისინი მძლავრ ამოფრქვევას ვეღარ გადაურჩნენ. მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელის, მასიმო ოსანას თქმით, ისინი "ალბათ თავშესაფარს ეძებდნენ, როცა პიროკლასტურმა ნაკადმა, სავარაუდოდ, დილის ცხრაზე მოუსწრო და გაანადგურა".

უახლესი აღმოჩენა უძველესი ქალაქის განაპირას მდგარი მდიდრული ვილის — ჩივიტა ჯულიანას — გათხრებისას გაკეთდა.

ადგილზე მომუშავე არქეოლოგების თქმით, ბატონი, რომლის ყელზეც შალის მოსასხამის ნარჩენებიც იპოვეს, სავარაუდოდ, 30-დან 40 წლამდე იყო.

ბატონის ყმა კი, რომელსაც უბრალო ტუნიკა ემოსა, ალბათ 18-დან 23 წლამდე იქნებოდა. დაზიანებული ხერხემლის გამო, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მას მძიმე ფიზიკური შრომის ატანა უწევდა.

"მოკრუნჩხული ხელები და ფეხები მიუთითებს, რომ მათი დაღუპვის მიზეზი თერმული შოკი იყო", — აღნიშნავს ოსანა.

იგი ასევე დასძენს, რომ უახლესი აღმოჩენა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რაც ორი ათასწლეულის წინ პომპეიში გამთენიისას მოხდა.

ნეაპოლიდან 23 კილომეტრში მდებარე ქალაქი პომპეი მთა ვეზუვის ვულკანის ამოფრქვევის გამო ახალი წელთაღრიცხვით 79 წელს განადგურდა. ამოფრქვევამ ქალაქი ფერფლში ჩამარხა, მისი მცხოვრებები კი დროში სამუდამოდ გაყინა. ამდენად, არქეოლოგებისთვის ამ ადგილზე მუშაობა განსაკუთრებით საინტერესოა.

არქეოლოგიური სამუშაოები ნეაპოლის მახლობლად გრძელდება, თუმცა ტურისტებისათვის ეს ადგილი, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, კვლავ დაკეტილია.