ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უზუსტობა არამხოლოდ შედეგების პირველ ვერსიაში, არამედ "ალტერნატიული ფორმატით" გამოქვეყნებულ დოკუმენტშიც ჰქონდა. კერძოდ, მეორე ტურის პირველადი მონაცემებით, ორ საარჩევნო ოლქში კანდიდატების ჯამური პროცენტული მაჩვენებელი 100-ს სცდებოდა. პირველი უზუსტობა ცესკომ ტექნიკური ხარვეზით ახსნა, მეორეზე კი ჯერ განმარტება არ გაუვრცელებია.

თავდაპირველად ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა შედეგების რუკა, რომელზეც ქართული ოცნების კანდიდატებს 100%-ზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ. უწყებაში განაცხადეს, რომ ხარვეზზე მუშაობდნენ. მათი ვარაუდით, ეს გარეშე ძალების ჩარევის შედეგი იქნებოდა. ამის შემდეგ მათ მოქალაქეებს მონაცემები ალტერნატიული ფორმით, PDF ფაილით შესთავაზეს, თუმცა უზუსტობა აქაც აღმოჩნდა. კერძოდ, ორ ოლქში საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლის ჯამი 100%-ზე მეტი იყო — 102,14% და 100,98%.

ოლქში, სადაც ცესკოს შედეგებით 100,98% გამოდიოდა, დოკუმენტის გამოქვეყნების დროისთვის დათვლილი იყო უბნების 89%, ანუ 132-დან 118. ხოლო 102,14%-იანი შედეგის მქონე უბანში 37%, ანუ 130 უბნიდან 49.

ფოტო: ცესკო/On.ge

ფოტო: ცესკო/On.ge

ამ ეტაპზე შედეგების ეს ვერსია ცესკოს ვებგვერდზე აღარ ჩანს და ისევ რუკა იხსნება, რომელზეც მონაცემები გასწორებულია. თუმცა, დოკუმენტი On.ge-მ გამოქვეყნების შემდეგ შეინახა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ვცდილობთ, ცესკოსგან კომენტარის მოპოვებას და მას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადა. პარტიებმა პირველი ტურის შემდეგ მათ ოქმებში უზუსტობა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ შედეგები ტოტალურად გაყალბდა.

განახლება: ცესკოში მოგვიანებით განმარტეს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო.