ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებისას ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი გაჩნდა. მათი განცხადებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

"შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება", — აცხადებენ ცესკოში.

მათი განცხადებით, ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა და წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით ქვეყნდება.

რამდენიმე წუთის წინ ცესკოს ვებგვერდზე შედეგების რუკა გამოჩნდა, რომელზეც მონაცემები არასწორად იყო მითითებული და მმართველ გუნდს 100%-ზე მეტი ჰქონდა მითითებული. რუკა მალევე წაიშალა, თუმცა სოციალურ ქსელში ფოტოები გავრცელდა.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ამასთან, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც.

31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგები პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 48,22%;
  • ენმ — ძალა ერთობაშია — 27,18%;
  • ევროპული საქართველო — 3,79%;
  • ლელო — 3,15%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
  • გირჩი — 2,89%;
  • მოქალაქეები —1,33%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1%.

პირველი ტურის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

მეორე ტური მიმდინარეობს იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.