მმართველი გუნდი, ქართული ოცნება ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ფოიერვერკის ფოტოს აქვეყნებს და ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებას აღნიშნავს. "ჩვენ გავიმარჯვეთ" — წერენ ისინი.

ამ ფოტოს სოციალურ ქსელში ფლეშმობი მოყვა და ფეისბუქმომხარებლების ნაწილი პოსტს HAHA რეაქციებს უწერს.

ფოტო: კადრი ფეისბუქიდან

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. ამასთან, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც.

31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგები პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 48,22%;
  • ენმ — ძალა ერთობაშია — 27,18%;
  • ევროპული საქართველო — 3,79%;
  • ლელო — 3,15%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
  • გირჩი — 2,89%;
  • მოქალაქეები —1,33%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1%.

პირველი ტურის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

მეორე ტური მიმდინარეობს იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.