საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა. მათ ამ დროისთვის 100-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირეს, რომელთაგან ძირითადი დარღვევები კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს ეხებოდა.

არასამთავრობოს თქმით, სამგორის მე-8 უბანზე, საჩივრის დაწერის შემდეგ მათი დამკვირვებელი უცნობმა პირებმა გაიყავნეს და დაემუქრნენ. უთხრეს, რომ მისი მისამართი იცოდნენ და უმჯობესი იყო უკან გაეტანა საჩივარი. საიას განცხადებით, მათ დამკვირვებელთან სოციალურ ქსელშიც სცადეს კონტაქტი.

"კომისიის წევრებმა დატოვეს საარჩევნო უბანი, რაზეც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. დამკვირვებელს მის მიერ გაკეთებული შენიშვნა გადაუსწორეს და აღარ აძლევდნენ მისი ნახვის საშუალებას. ამის შემდეგ დამკვივებელმა უბნის დონეზე დაწერა საჩივარი. ასევე დამატებით გააკეთა შენიშვნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ჩანაწერი გადაასწორეს. დამკვირვებელი უცნობმა პირებმა გაიყვანეს გარეთ და დაემუქრნენ. უთხრეს, რომ მისი მისამართი იცოდნენ, მისთვისვე იყო უკეთესი უკან გაეტანათ საჩივარი. მათ დამკვირვებელთან კონტაქტი სცადეს სოციალურ ქსელშიც", — ნათქვამია განცხადებაში.

საიას ცნობით, მათმა დამკვირვებლებმა რამდენიმე უბანზე ამომრჩეველთა სიებით კოორდინატორებიც შენიშნეს, მათ ფოტო გადაუღეს, რის შემდეგაც იყო მუქარა და ფოტოს წაშლის მოთხოვნა. საიას განცხადებით, ამ დროს დამკვირვებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს და რამდენჯერმე ჯანმრთელობის დაზიანებითაც დაემუქრნენ.

ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, რამდენიმე უბანზე ხმის მიცემის კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ამასთან, მათი თქმით, ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე, კომისიის მდივანმა გადასატან საარჩევნო ყუთში შეყვანილი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები გარეშე პირს გადასცა. გარდა ამისა, გლდანის 93-ე უბანზე შევიდა დაულუქავი გადასატანი ყუთი, რის გამოც საიამ ყუთის ბათილობა მოითხოვა.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიკეტა. ხმების დათვლა უკვე დაწყებულია.