ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და გლდანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა თქვა, რომ ის "ფეხბურთს არ აკლია" და თუ ვინმე ეტყვის, თუ რატომ აკლია ფეხბურთს მისი აქტიურობა, კრიტიკას მიიღებს. ასე უპასუხა მან Silk Universal-ის ეთერში წამყვანის კითხვას, იყო თუ არა "ორ ფრონტზე ბრძოლა" [ფეხბურთი და პოლიტიკა] იმის წინაპირობა, რომ რომელიმე სფეროს რამე "დააკლო".

"რა ნაწილში ვაკლივარ ფეხბურთს, სად არ ვარ? სად აკლია ჩემი თავი ფეხბურთს? რა ნაწილში? რას ვერ ვაკეთებ, რომ პარლამენტის წევრობა კონკრეტულ რაიონში ხელს მიშლის? იმაზეც იყო კრიტიკა, თამაშის მერე კომენტარი არ გააკეთაო. დიახ, არ გავაკეთე, როგორც თამაშამდე, ისე თამაშის მერე, ვიყავი გუნდთან ერთად. როგორც გუნდს ვესაუბრებოდი მაკედონიის თამაშის შემდეგ, ისე არც ერთი ვარჯიში არ გამიცდენია, ასე იყო ყოველთვის. სად ვაკლივარ, თუ ვინმე დამეხმარება და მეტყვის, ლევან კობიაშვილი აკლია ფეხბურთს, მივიღებ კრიტიკას", — თქვა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, ის არ თვლის, რომ ფეხბურთს აკლია, თუმცა თუ ამისთვის საფუძვლიანი არგუმენტი არსებობს, ის კრიტიკას მიიღებს.

"არ ვთვლი, რომ ფეხბურთს ვაკლივარ. ვარ იქ, სადაც ვარ. კრიტიკის პრობლემა არ მაქვს, ასე ვიყავი მთელი ცხოვრება და ასე ვარ, მაგრამ არ მგონია, რომ ჩემი პოლიტიკაში ყოფნით ფეხბურთს რამე დააკლდა", — თქვა კობიაშვილმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო პერიოდის მანძილზე ორი მნიშვნელოვანი მატჩი წააგო, მათ შორის, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რომლის მოგების შემთხვევაში, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გადიოდა. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა აღნიშნული მატჩის შემდეგ პირველი განცხადება რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა. ის, ასევე, მონაწილეობას იღებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში გლდანის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მისი კონკურენტი მონაწილეობაზე უარს ამბობს.