ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა მეორე ტურისთვის 20,74%-ია. ამომრჩეველთა რაოდენობამ 443 969 შეადგინა. 2016 წლის არჩევნების მეორე ტურში აქტივობა იყო 30,99%.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა აჭარაში, 30-ე მაჟორიტარულ ოლქში. მისული ამომრჩევლის რაოდეობა იყო 30 162. ყველაზე დაბალი აქტივობა იყო ნაძალადევში, მე-7 მაჟორიტარულ ოლქში და მან 16 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საჩივრებს, ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 5 საჩივარი. მათგან 3 — ზუგდიდში და იგი პროცედურ დარღვევებს ეხება. ასევე, ერთი საჩივარია ბათუმში და ისანში.

რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე ნაწილდება:

  • აჭარა — 24,1 პროცენტი;
  • თბილისი — 17,5 პროცენტი;
  • იმერეთი — 21,6 პროცენტი;
  • კახეთი — 26,7 პროცენტი;
  • მცხეთა-მთიანეთი — 24,7 პროცენტი;
  • სამხეგრელო-ზემო სვანეთი — 22,7 პროცენტი;
  • ქვემო ქართლი — 22,2 პროცენტი;
  • შიდა ქართლი — 25,9 პროცენტი.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

ამასთან, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.