სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED) აცხადებენ, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, ხმის რამდენჯერმე მიცემის 1, ხოლო დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 შემთხვევა დააფიქსირეს. ISFED-ში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულია შემდეგი დარღვევები:

  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების კოორდინატორები არიან მობილიზებულნი, რომელთაგან ერთ-ერთმა უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცა. დამკვირვებლის დანახვის შემდეგ კოორდინატორები დაიშლნენ;
  • #27 მცხეთის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა კოორდინატორებმა აგრესია გამოამჟღავნეს სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის გარე პერიმეტრზე ფოტოს იღებდა;
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის 39-ე საჯარო სკოლასთან, სადაც #79, #80 და #81 საარჩევნო უბნებია განთავსებული, უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოხატა სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის მიმართ, რომელიც უბნის პერიმეტრზე ფოტოს იღებდა. იმავე ადგილას, სხვა მამაკაცმა აგრესიული იყო ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის მიმართ, რომელიც ადგილზე მუშაობდა. აღნიშნულმა პირებმა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორია დატოვეს;
  • #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა აღმოაჩინა ერთი და იგივე პირების მიერ რამდენჯერმე ხმის მიცემა (ე.წ. კარუსელი). საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები საუბნო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს რიგრიგობით შეყავთ საარჩევნო უბანზე და უფლებას აძლევენ ხმა მისცენ არაერთხელ. საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას. მან მარკირების შესამოწმებელი სპეციალური ფანარი დამკვირვებლის შეკითხვის შემდეგ მოიძია;
  • #15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის #21 და #35 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩევლების მობილიზება შეინიშნება, რომლებთანაც კომისიის წევრები გამოდიან და ესაუბრებიან. ამასთან #35 საარჩევნო უბნაზე კომისიის წევრები თავის ფუნქციებს არ ასრულებენ და საარჩევნო პროცესი კენჭისყრის პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს, კერძოდ, უყურადღებოდაა მიტოვებული საარჩევნო ყუთი და სხვა დოკუმენტაცია;
  • #79 ბათუმის საარჩვნო ოლქის #07, #11, #17, #21, #22, #54, #58, #66, 68, #69 და #104 საარჩევნო უბნებთან სამარშრუტო ტაქსებში იმყოფებიან პარტიის კოორდინატორები, რომლებიც ამომრჩევლების აღრიცხვას აწარმოებენ;
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #87 და #21 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრს არაუფლებამოსილი პირები აკონტროლებენ, რომლებიც, ასევე, აკრედიტაციის გარეშე შეუფერხებლად გადაადგილდებიან #21 საარჩევნო უბნის ტერიტორიაზეც;
  • #17 თელავის საარჩევნო ოლქის #52, #14, #15, #48, #23, #8, #28, #11, #13 და #17 საარჩევნო უბნებზე, #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #28 საარჩევნო უბანზე; #16 ყვარლის საარჩევნო ოლქის #01, #02, #03, #04 და #29 საარჩევნო უბნებზე; #56 ტყიბულის საარჩევნო ოლქის #01, #08 და #31 საარჩევნო უბნებზე; #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქის #15 და #90 საარჩევნო უბნებზე; #51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქის #10, #18 და #48 საარჩევნო უბნებზე; #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #09, #10, #12, #4, #26, #27 და #23 საარჩევნო უბნებზე; #4 კრწანისის საარჩევნო ოლქის #1, #2, #3 და #4 საარჩევნო უბნებზე; #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #79, #80 და #81 საარჩევნო უბნებზე; #6 სამგორის საარჩევნო ოლქის #31, #35, #36, #42, #44, #45 და #46 საარჩევნო უბნებზე პარტიის კოორდინატორები არიან მობილიზებულნი, რომლებიც ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

ISFED 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს 17 მაჟორიტარულ ოლქში 35 მობილური ჯგუფის საშუალებით აკვირდება.

ორგანიზაციის დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა ძალიან დაბალი აქტივობაა, თუმცა ამ ფონზე საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე შეინიშნება მმართველი პარტიის კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც, ძირითადად, სამარშრუტო ტაქსებში, ავტომობილებში სხედან, ან საარჩევნო უბნების წინ არიან შეკრებილნი და ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ამასთან, მეორე ტური გაიმართება ქუთაისის მერობის არჩევნებზეც.

საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება და საღამოს 8 საათზე დაიკეტება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.

მეორე ტური ჩატარდება შემდეგ ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

31 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგები პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 48,22%;
  • ენმ — ძალა ერთობაშია — 27,18%;
  • ევროპული საქართველო — 3,79%;
  • ლელო — 3,15%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
  • გირჩი — 2,89%;
  • მოქალაქეები —1,33%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1%.

პირველი ტურის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

არჩევნების დღეს ოპოზიცია აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მათ გადაწყვიტეს, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებდნენ და სრულ იგნორირებას გამოუცხადებდნენ.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.

მეორე ტური მიმდინარეობს იმ ვითარების ფონზეც, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.