დისნეის 1991 წელს გამოსულ ანიმაციურ ფილმში ლამაზმანი და ურჩხული სელინ დიონი ერთ-ერთ მთავარ საუნდტრეკს ასრულებდა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ანიმაციის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა.

25 წლის შემდეგ კი მომღერალმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ ანიმაციის ახალ ეკრანიზაციაშიც მოვისმენთ მის ხმას.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დისნეის ახალ ფილმში ლამაზმანი და ურჩხული ახალ სიმღერას How Does A Moment Last Forever ვიმღერებ", - წერს დიონი.

ახალი სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ალან მენკენია, ტექსტი კი ტიმ რაისს ეკუთვნის. სელინ დიონის სიმღერა ფილმის ფინალურ სცენაში გაიჟღერებს და მთავარი საუნდტრეკი იქნება.

ცნობილია ისიც, რომ დისნეიმ მხატვრული ფილმისთვის სიმღერები შეუკვეთა არიანა გრანდესა და ჯონ ლეჯენდს.

რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელ ემა უოტსონს, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მსახიობს სულაც არ უჭირს საკუთარი ვოკალური მონაცემების წარმოჩენა.

ლამაზმანი და ურჩხულის პრემიერა 17 მარტს შედგება.