ტელეკომპანია მთავარი არხი არჩევნების მეორე ტურის გაშუქებას არ აპირებს. ამის შესახებ მთავარი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ არხის წამყვანმა, დიანა ჯოჯუამ განაცხადა.

"მთავარი არხი სრულად უერთდება ქართველი ხალხისა და ოპოზიციის პროტესტს და ჩვენი სარედაქციო გადაწყვეტილებით, ხვალ არხის საინფორმაციო სამსახური არ გააშუქებს ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ სპექტაკლს, სახელწოდებით მეორე ტური", — განაცხადა დიანა ჯოჯუამ.

21 ნოემბერს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევისთვის მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 17 ოლქში გაიმართება: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

პირველი ტურის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მათ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ არც პარლამენტში შევლენ. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.

ამ ხნის განმავლობაში მმართველ გუნდში ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის კოორდინატორებისა და ამომრჩევლის მობილიზებას აპირებდა.