სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მძევლად აყვანის ან თავდასხმის რომანტიზება ან გამართლება დაუშვებელია, რადგან სწორედ ეს იწვევს ტერორიზმს. ომბუდსმენი დღეს, 20 ნოემბერს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე შეიარაღებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა — პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება!", — განაცხადა ლომჯარიამ.

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში მყოფი ყველა მძევალი გათავისუფლდა, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

"ღონისძიება წარმატებით დასრულდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიული მოქმედების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით და შესაბამისად, დამატებით დეტალებზე მე არ ვისაუბრებ", — თქვა სირაძემ.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 17:00 საათზე გავრცელდა. შსს-ს ინფორმაციით, თავდაპირველად მას 11 მძევალი ჰყავდა და ჯერ 2, შემდეგ კი 4 გაათავისუფლა.

შენობიდან კადრები ინტერნეტში მალევე გავრცელდა. სავარაუდო თავდამსხმელი მძევლებს ეუბნება, რომ პირდაპირი ეთერი ჩართონ, რათა მედიებმა კადრები ნახონ და გააშუქონ. ის მოითხოვდა, რომ პარლამენტის დეპუტატები და ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები შეკრებილიყვნენ და 3 კანონი მიეღოთ: აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. გავრცელებულ კადრებში ის არ ასახელებს, რა შემთხვევაში გაათავისუფლებდა მძევლებს და არც მომლაპარაკებელს ითხოვდა.