ნეტფლიქსის პოპულარული მინისერიალი, The Queen’s Gambit (ლაზიერის გამბიტი) იმ ვუნდერკინდი მოჭადრაკე ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი მსოფლიო ჭადრაკის შეჯიბრებებზე იმკვიდრებს ადგილს. სერიალმა დიდი მოწონება დაიმსახურა ჭადრაკის მოყვარულებისგან, ისტორიკოსებისგან და პროფესიონალი მოთამაშეებისგანაც კი, რადგან მას ზედმიწევნით რეალისტურად გადმოაქვს ეკრანზე თამაშის სპეციფიკა და დაძაბული კონკურენციის შიდა სამზარეულო.

მსგავსი სიზუსტე, შესაძლოა, იმით აიხსნას, რომ სერიალზე მუშაობდნენ ჭადრაკის ცნობილი მწვრთნელი, ბრიუს პანდოლფინი (რომელმაც სერიალის პირველწყაროს, ამავე სახელმწოდების რომანის შექმნაშიც მიიღო მონაწილეობა) და გროსმაისტერი გარი კასპაროვი, რომელიც ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

გარი კასპაროვი.

ფოტო: Public Domain

Slate-ის ჟურნალისტი, ნიტიშ ფაუა სწორედ კასპაროვს ესაუბრა იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანა მან ლაზიერის გამბიტის შექმნაში, რამდენად ახლოსაა სერიალი 60-იანი წლების საჭადრაკო რეალობასთან და რით განსხვავდება ის ამავე თემატიკაზე შექმნილი სხვა ნამუშევრებისგან. ქვემოთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ.

როგორ ჩაერთეთ ლაზიერის გამბიტზე მუშაობაში და კონკრეტულად რა გევალებოდათ?

პირველად ბრიუს პანდოლფინმა დამირეკა, რომელსაც კარგად ვიცნობ. მითხრა, რომ ამ პროექტში თავადაც იყო ჩართული და სკოტ ფრენკს [მინისერიალის თანაშემქმნელი] ჩემთან გასაუბრება სურდა. იმავე პერიოდში მომწერეს ჩემმა მეგობრებმა, Game Of Thrones-ის შემქმნელებმა, დევიდ ბენიოფმა და დი ბი უაისმა, რომლებიც სკოტთანაც მეგობრობენ და მითხრეს, რომ იგი ჭადრაკის თემაზე ქმნიდა რაღაც საინტერესოს. საბოლოოდ, მე და ჩემი ცოლი სკოტსა და ბრიუსს სადილზე შევხვდით და გავესაუბრეთ.

სკოტი აღფრთოვანდა, როცა ვუთხარი, რომ Godless [სკოტ ფრენკის საავტორო სერიალი] ნანახი მაქვს და ძალიან მომწონს. თავდაპირველად, მას სურდა, ვასილი ბორგოვის როლი მეთამაშა. მითხრა, "გარი, უმშვენიერესი ცოლი გყავს, თავი მეტად კომფორტულად რომ იგრძნო, რატომაც არ ვათამაშოთ მას სერიალში შენი ცოლის როლი?". კი მიმზიდველი წინადადება იყო, თუმცა ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, პროექტზე მუშაობას ორ-სამ თვეს ვერ დავუთმობდი. თანაც, ეს საკმაოდ რთული დავალება იქნებოდა: ბორგოვი სერიალის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ამიტომაც, სკოტს შევთავაზე, ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმაზე მემუშავა, რომ სერიალში ყველაფერი მაქსიმალურად დამაჯერებელი ყოფილიყო. ჭადრაკზე გადაღებული ფილმების უმრავლესობა ზედმეტად ჰოლივუდურია და მათში ყურადღება არ მახვილდება ამ თამაშისთვის ძალიან მნიშვნელოვანზე: სინერგიაზე, ფსიქოლოგიაზე, სხეულის ენის მნიშვნელობაზე.

ფოტო: Netflix

ვაღიარებ, უოლტერ ტევისის წიგნი წაკითხული არ მქონდა. შეხვედრის მერე მაშინვე წავიკითხე, სკოტს დავურეკე და ვუთხარი, მგონია, გამომივა და სცენარი მჭირდება-მეთქი. ამის მერე რამდენჯერმე გავისაუბრეთ, მაგრამ მთავარი შეხვედრა ბერლინში გვქონდა, სადაც სცენარი დეტალურად განვიხილეთ. სამი რამ ჩამოვუთვალე, რაზე მუშაობაც მსურდა. პირველი ჭადრაკის მოთამაშეთა მანერების სპეციფიკა იყო. ვუთხარი: "შემიძლია აგიხსნათ, როგორ მიმდინარეობს ჭადრაკის თამაში. აქ მთავარი სხეულის ენაა — როგორ ეხებიან მოჭადრაკეები ფიგურებს და, ზოგადად, ყველა ის ჟესტი, რომელიც ადამიანებს შეუქმნის იმის შეგრძნებას, რომ ნამდვილ მოთამაშეებს უყურებენ".

მეორე ფაქტორი თავად ნათამაშები პარტიების რეალისტურობა იყო. ჭადრაკის მცოდნეს ეკრანზე ნანახი სისულელედ არ უნდა მოეჩვენოს. ეს პრობლემა ბევრ ფილმს აქვს, რომელშიც ჭადრაკი ფიგურირებს: ხან ფიგურების განლაგებაა მცდარი, ხან კი საჭადრაკო დაფა დევს არასწორად. თუკი ნამუშევრის მთავარი თემა ჭადრაკია, მასში ნამდვილ, ისეთ ჭადრაკს უნდა თამაშობდნენ, რომ მის სპეციფიკაში გარკვეული ადამიანისთვისაც დამაჯერებელი აღმოჩნდეს. პრობლემა ის იყო, რომ ტევისი თავის წიგნში არარეალურ პარტიებს აღწერდა, თანაც, მოყვარულის დონეზე. ამიტომაც, მათთან მიმსგავსებული რეალური პარტიების მოძებნა მოგვიწევდა. სკოტს ვუთხარი, რეალურ თამაშებს შევკრებ და მათ ოდნავ შევცვლი ისე, რომ თან რეალისტურობა არ დაკარგონ და თან წიგნში აღწერილს მაქსიმალურად ჰგავდნენ-მეთქი. ესეც მეორე კომპონენტი.

ფოტო: Netflix

მესამე გასათვალისწინებელი ფაქტორი ის იყო, რომ სიუჟეტი საბჭოთა რეალობას ეხება. "კაგებე" წიგნში ნახსენები არ არის. სკოტს ვუთხარი, თუ საბჭოელი ჭადრაკის ჩემპიონი 60-იან წლებში დასავლეთში გაემგზავრებოდა, "კაგებეს" ხალხს თან აუცილებლად გააყოლებდნენ-მეთქი.

პარტიების უმრავლესობა მარტივად გავმართე. ყველაზე რთული საბოლოო თამაში აღმოჩნდა, რადგან ეკრანზე მისი სრული მსვლელობა ჩანს. თანაც, ის აუცილებლად ლაზიერის გამბიტით უნდა დაწყებულიყო. ცხადია, შემეძლო, სხვა სვლით დაწყებული პარტია ამერჩია, მაგრამ, მგონი, ეს წიგნისეულ სულისკვეთებაში არ ჩაჯდებოდა. მე უნდა მეპოვა 40-მდე სვლისგან შემდგარი პარტია, რომელიც თამაშის დაძაბვისას შეწყდა და გარკვეული დროის მერე გაგრძელდა. ამას დაემატა ის სიუჟეტური გადაწყვეტაც, როცა ბენი და სხვა მოჭადრაკეები ჰარმონს რჩევების მისაცემად ნიუ-იორკიდან ურეკავენ. ისინი ცდილობენ, მოგების გზა იპოვონ. ესე იგი, პარტია ძალიან უნდა ჩახლართულიყო.

რამდენიმე თამაში ვიპოვე, მაგრამ საბოლოოდ ვასილი ივანჩუკისა და პატრიკ ვულფის 1993 წლის ბილის ინტერზონალურ ტურნირზე გამართული დაპირისპირება შევარჩიე. სერიალის გამოსვლიდან რამდენიმე დღეში გაოცებულმა ვულფმა მომწერა და მკითხა, სად ვიპოვე ეს მივიწყებული პარტია. წიგნში ნახსენები ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, მე ის 700-მდე თამაშს შორის ამოვარჩიე. სრულყოფილი პარტია სულაც არაა: არც ისეთი ჩახლართულია, როგორიც მინდოდა რომ ყოფილიყო, თუმცა წიგნისეულ აღწერაში ზუსტად ჯდება.

როგორ ფიქრობთ, ბენის სატელეფონო ზარის სიუჟეტური ხაზი არარეალისტური ხომ არ არის, როცა საქმე ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს ეხება?

ვფიქრობ, ბენის სატელეფონო ზარი კარგად ებმის ელიზაბეტის ადრეულ ნათქვამს, როცა ის აღნიშნავს, რომ საბჭოელების სიძლიერე პარტიების გუნდურ ანალიზშია. საბოლოოდ ელიზაბეტი ასეც მოიქცევა, რაც მას ბობი ფიშერისგან განასხვავებს. ფიშერი მარტო მუშაობდა და არავის არ ენდობოდა.

სკოტმა მითხრა, რომ ბევრს შეუძლებლად მოეჩვენა, 1968 წელს ვინმეს ნიუ-იორკიდან მოსკოვში ისე დაერეკა, რომ "კაგებეს" საუბრისთვის არ მოესმინა. მე მაინც მგონია, რომ ეს სცენა რეალისტურია. მოცემულ შემთხვევაში ნიუ-იორკიდან მოსკოვში ზარი სასტუმროს სატელეფონო ხაზზე შემოდის. "კაგებე" მართლაც დეტალურად ჩაიწერდა ამ საუბარს, თუმცა აქ ერთი ისეთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომელსაც ის ხალხი ვერ გაიგებს, ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია. ჩაწერილი საუბარი ბორგოვის ყურამდე მომენტალურად ვერ მივიდოდა, რადგან "კაგებეს" აგენტებს ინფორმაცია თავდაპირველად ზემდგომებისთვის უნდა გადაეცათ. ზარსა და თამაშს შორის სულ რაღაც ორსაათიანი სხვაობა იყო, ამიტომაც, შეუძლებელია, ინფორმაციას ბორგოვამდე დროულად მიეღწია.

ფოტო: Netflix

იმ სცენაზე რას ფიქრობთ, ელიზაბეტი რომ შემთხვევით ბორგოვისა და მეორე რუსი მოთამაშის საუბარს მოკრავს ყურს?

ეს სცენაც სრულიად რეალისტურია. ელიზაბეტმა და ბორგოვმა შესვენება გამოაცხადეს, ამიტომ უფლება ჰქონდათ, სხვებთან მოეთათბირათ. წიგნში ეს გადამწყვეტი ფაქტორი სულაც არ არის, თუმცა საკვანძო მომენტია, რადგან მოწინააღმდეგეებისგან სწავლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მთლიანი ამბავიც, ფაქტობრივად, სირთულეების დაძლევაზე, მოწინააღმდეგეებისგან ცოდნის შეძენის და გუნდურობის ღირებულების სწავლაზეა. ეს უკანასკნელი ამერიკელებს მაინცდამაინც არ ახასიათებთ, არადა, მგონია, რომ ელიზაბეტის ტრიუმფში დიდი როლი სწორედ გუნდურობამ ითამაშა.

ჩემი ერთი კოლეგა სკოლაში ჭადრაკის კლუბის წევრი იყო და ტურნირებში ხშირად მონაწილეობდა. მას სერიალის ბევრი დეტალი — მოთამაშეთა მანერები, მათი გამოხედვა, ჩვევები — ძალიან ეცნო. ეკრანზე ამ ატმოსფეროს გაცოცხლებაში თქვენი ხელი ერია?

ამერიკული ტურნირების სცენებზე მუშაობა მთლიანად ბრიუსს მივანდე. თუმცა, ვეცადე, სხვადასხვა ტიპის მოთამაშეთა რექაციების შესახებ რაც შეიძლება მეტი რჩევით მომემარაგებინა ის. ვფიქრობ, მან ამ დავალებას მშვენივრად გაართვა თავი. ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ ტურნირების სერიალისეული განწყობა თანამედროვე თამაშების ატმოსფეროსაც კი საოცრად გადმოსცემს. მართალია, დღეს ტელეფონები და კომპიუტერები გვაქვს, რაც მრავალ დეტალს ცვლის, თუმცა, საჭადრაკო ტურნირების თანმდევი აურა, რომელსაც მოთამაშეთა განწყობა, მოლოდინი და ღელვა ქმნის, უცვლელია.

ლაზიერის გამბიტის სიუჟეტი კონკრეტულ ეპოქაში, 60-იან წლებში, ცივი ომის პერიოდში ვითარდება. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, ჭადრაკის თამაშზე ასეთივე ჩამთრევი ამბავი თანამედროვე ისტორიულ კონტექსტშიც დაიწეროს?

არა და არა. ჭადრაკი ძალიან შეიცვალა. ამ ამბის ხიბლი იმაშია, რომ ის მხოლოდ 60-იანი წლების ამერიკაში თუ მოხდებოდა. ის ჯეიმს ბონდის ფილმებს ჰგავს: შეიძლება, სხვა ეპოქაში გაათამაშო, მაგრამ, ძალიან ცოტა ექნება საერთო ორიგინალთან.

ელიზაბეტი ჰარმონი ბობი ფიშერის ქალი ვერსიაა. აქ ასევე მოთხრობილია ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე... თუმცა, თითქმის წარმოუდგენელია ამ ამბის 60-იანებიდან სხვა ეპოქაში გადატანა. ბევრი ლაპარაკობს სერიალის მეორე სეზონზე. სკოტთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ეს დიდი გამოწვევა იქნება, რადგან, პირველ რიგში, სიუჟეტი წიგნს ვეღარ დაეყრდნობა და ამასთანავე, განა როგორ უნდა განვითარდეს ამბავი? სად წავა ელიზაბეტი 1968 წლის მოსკოვიდან? თუმცა, თუკი გაგრძელების გადაღება გადაწყდება, ვგონებ, დახმარების გაწევას კვლავაც შევძლებ.

ფოტო: Netflix

ჰარმონის მსგავსად ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული მოჭადრაკე თუ გახსენდებათ? რა გავლენა აქვს ამას თამაშზე?

ბოლო დროს არა, მაგრამ 50-იან, 60-იან და 70-იან წლებში ეს საკმაოდ ხშირი იყო. ალკოჰოლდამოკიდებულ ორ მსოფლიო ჩემპიონს გავიხსენებდი: ალექსანდრე ალიოხინსა და მიხეილ ტალს. დღეს ეს თითქმის შეუძლებელია, რადგან არა მხოლოდ თამაშის პროცესს, მისთვის მზადებასაც უდიდესი კონცენტრაცია სჭირდება.

სერიალში საბჭოთა პერიოდის ასახვაზე, იქაურ მოთამაშეთა პორტრეტებსა და ჭადრაკის სამყაროში მათ დომინანტობაზე რას იტყოდით?

ყველაფერი ძალიან ზუსტია. შეიძლება შემედავოთ, რომ საბჭოელი პერსონაჟები უფრო თავშეკავებულები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, ბორგოვის შემთხვევაში შეგვიძლია, ბორის სპასკი გავიხსენოთ, რომელიც დასავლელების მიმართაც კი მეგობრული იყო. კარგადაა ნაჩვენები საჭადრაკო ციებ-ცხელება და საბჭოთა არქიტექტურაც. მახსოვს, მსოფლიო ჩემპიონატზე ანატოლი კარპოვთან თეატრის შენობაში ვითამაშე.

სერიალში პარტიათა კომენტირების ტრადიციაც რეალისტურად ჩანს. 1972 წელს PBS-ზე ჭადრაკის ყოველდღიური რეპორტაჟი შელბი ლაიმანს მიჰყავდა. ჩემი ასაკის ყველა ადამიანს ახსოვს, როგორი მაღალრეიტინგული იყო ეს გადაცემა. შესაძლოა, ის PBS-ის ყველაზე პოპულარული შოუც კი იყო, განსაკუთრებით 1972-ში, როცა ფიშერი სპასკის ეთამაშა.

სერიალის დასასრულს ნაჩვენები ღია სივრცეში ჭადრაკის თამაშის კულტურაც ძალიან პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში.

ჭადრაკის ჩემპიონი მართლა შეძლებდა სამი ამერიკელი მოთამაშის ერთდროულად დამარცხებას?

რატომაც არა? რთულად, მაგრამ — შეძლებდა. არ ვიცი, მე თუ შევძლებდი იმავეს ჩემი მსოფლიო ჩემპიონობისას. ასეთი გამარჯვება გარანტირებული არა, მაგრამ ნამდვილად შესაძლებელია. ფსიქოლოგიურ ფაქტორზე ბევრია დამოკიდებული. სერიალში კარგად ჩანს, თუ როგორ აოცებს სამივეს ჰარმონის აგრესიულობა და ენერგიულობა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს სისწრაფე წყვეტს. ჩვენი გმირი კი ძალიან სწრაფია. ეს თვისება და კონცენტრაციის უნარი ჰარმონს სახიფათო მოთამაშედ აქცევს და მის კონკურენტებში მერყეობისა და შიშის განცდებს იწვევს. ამიტომაც, მისი გამარჯვება საკმაოდ რეალისტურია.

ფოტო: Netfli

სერიალში ჰარმონი ხშირად ჭერზე განლაგებულ წარმოსახვით ჭადრაკის დაფაზე წარმოიდგენს შესაძლო სვლებს. გამოცდილ მოთამაშეებში ეს ხშირია?

ხშირი არაა, თუმცა, საუკეთესო მოთამაშეებს შეუძლიათ თავიანთ წარმოსახვაში თამაში, განსაკუთრებით კი პარტიის კულმინაციისას. ეს პროცესი კომპიუტერის გადატვირთვას ჰგავს.

The New York Times-თან ინტერვიუში სერიალი ჭადრაკის თემატიკაზე გადაღებულ ფილმს, კატვეს დედოფალს შეადარეთ. სხვა ნამუშევრებსაც ხომ ვერ გაიხსენებდით, რომლებშიც ჭადრაკის სპეციფიკა ისე ზუსტადაა გადმოცემული, როგორც ლაზიერის გამბიტში?

ბობი ფიშერის ძიებაში კარგი ფილმი და წიგნია, თუმცა, გამოწვევის მნიშვნელობის, დაძაბულობის განცდას ბოლომდე ვერ ტოვებს და ჭადრაკს დანარჩენი სამყაროს სრულყოფილ ნაწილად არ წარმოაჩენს. კარგი ნამუშევარია პაიკის შეწირვაც, რომელიც ფიშერისა და სპასკის დაპირისპირებას ეხება, თუმცა ჭადრაკი ხალხის გულებთან ახლოს ვერ მიიტანა. ეს კატვეს დედოფალმა უკეთ შეძლო, რადგან მისი სიუჟეტიც დაბრკოლებების გადალახვაზეა. ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. აფრიკაში რომ ვმოგზაურობდი ჭადრაკის პოპულარიზაციისთვის, კამპალაში ორჯერ ჩავედი. ის გოგოც გავიცანი, ფილმი ვისზეცაა და — მისი მწვრთნელიც. მრავალი წლის წინ ნიუ-იორკში, Women in the World-ის ღონისძიებაზე მასთან ერთად ვისაუბრე კიდეც. ვფიქრობ, კატვეს დედოფალი სათანადოდ დაფასებული არაა.

ლაზიერის გამბიტს ის გამოარჩევს, რომ ყოფით თემებზე გვიყვება: კენტუკის შტატი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, გუნდურობა... გამოწვევები, რომლების გადალახვაც პერსონაჟებს უწევთ, ძალიან ნაცნობი, ძალიან თანამედროვეა. ეს ყველაფერი ხალხში ინტერესს იწვევს. სერიალი რუსეთშიც ძალიან პოპულარული გახდა. რუსულ პრესასთან უკვე სამი ინტერვიუ ჩავწერე. ღმერთმა იცის, როგორ, მაგრამ ლაზიერის გამბიტმა ხალხში ნამდვილი ემოციების გამოწვევა შეძლო.

The Queen's Gambit

ფოტო: Netflix

დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი.

ყოველთვის მოხარული ვარ, ჭადრაკზე ვილაპარაკო.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…