ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურის დღეს საპროტესტო აქციებს აუქმებს. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ამით ისინი არჩევნებს სრულ იგნორს უკეთებენ.

რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არჩევნების მეორე ტურის დღეს საპროტესტო ღონისძიებებს გეგმავდნენ. აქციის ფორმებთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერები ლელოს ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას თქმით, მეორე ტურებთან დაკაშირებით საზოგადოებისა და პოლიტიკურ სპექტრის ყველაზე სწორი რეაქცია არის იგნორი.

"ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ ოპოზიცისი ერთობისგან, რასაც ივანიშვილი არქმევს მეორე ტურს, არის სრული იგნორი. ანუ ის არის ფიქცია, რაც ხალ მოხდება", — აღნიშნა უგულავამ.

როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ნებისმიერი აქციის შემთხვევაში მეორე ტურებს პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭება, რის გამოც ერთობლივად მივიდნენ დასკვნამდე, რომ საპროტესტო ღონისძიებებს არ ჩაატარებენ.

"იმ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში და არ იცის, რა არის საბჭოთა კავშირი, ხვალ ეძლევა უნიკალური შანსი, ერთი დღე იცხოვროს საბჭოთა წყობილებაში. ნახოს, ირჩევდნენ ერთპარტიულ პარლამენტსა და ერთპარტიულ ხელისუფლებას. ხვალ იქნება ერთი დღე, ასე ვთქვათ, მოდელირებული საბჭოთა კავშირის", — თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველა აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც აქცია არ შეიძლება გამართოს. თუმცა უდუმაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ინდივიდუალური გეგმა არ აქვს.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს არ აღიარებს, არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას და არც პარლამენტში გეგმავს შესვლას.

შედეგების გასაპროტესტებლად მათ რამდენიმე აქცია მოაწყვეს რუსთაველზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან. მოქალაქეები იკრიბებოდნენ საოლქო კომისიებთანაც.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.