ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა ეფექტურად გაეცა პასუხი პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების შესაძლო არაკონსტიტუციურ შეზღუდვაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. IDFI-ის განცხადებით, მეტიც, მონაცემები მიუთითებს, რომ პირველი კოლეგია არ მიიღებს გადაწყვეტილებას, სანამ პანდემიის მართვის პრობლემური სამართლებრივი მოდელი მოქმედებაში იქნება. მათივე თქმით, იმავდროულად, მაშინ როდესაც სახელმწიფოში აქტიურდება დისკუსია მეორე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ მიუღიათ გადაწყვეტილებები პირველი საგანგებო მდგომარეობის დროს შეტანილ სარჩელებზე.

"ამგვარი დამთხვევა ტოვებს განცდას, რომ სასამართლო განზრახ არიდებს თავს პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელების ეფექტურ/დროულად განხილვას და ელოდება პრინციპული სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას (2021 წლის პირველ იანვარს). ნებისმიერ, შემთხვევაში აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაკარგა Covid-19-თან დაკავშირებით დასმულ კონსტიტუციურობის პრობლემებზე დროული და ეფექტური რეაგირების სურვილი ან/და შესაძლებლობა", — აცხადებენ IDFI-ში.

2020 წლის 9 ნოემბრიდან, საქართველოს 7 ძირითად ქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ მკაცრი პოლიტიკურ-სამართლებრივი კრიტიკა დაიმსახურა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური აკრძალვა არაკონსტიტუციურ შეზღუდვად შეფასდა. დაანონსდა კონსტიტუციური სარჩელების შეტანა, იმავდროულად პარლამენტის თავჯდომარემ დაჯარიმებულ პირებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა შეახსენა.

პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არის შეტანილი 15 სარჩელი. სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ორგანიზაციის შეფასებით, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში სასამართლოს რეაგირება პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე არის მინიმალური და სიმბოლური.

IDFI-ში აღნიშნავს, რომ პირველი 2 თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლო პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებს ეფექტურობით განიხილავდა. პირველი სარჩელის რეგისტრაციიდან, მომდევნო 50 დღის განმავლობაში სასამართლომ 8 სარჩელი განიხილა განმწესრიგებლის სხდომის, ხოლო 2 არსებითი განხილვის ფორმატში. შედეგად, საზოგადოებაში დამკვიდრდა მოლოდინი, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე კონსტიტუციური კონტროლი იქნებოდა ეფექტური და დროულად მიიღებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებებიც, რაც მათივე თქმით, არ გამართლდა.

"ვითარება რადიკალურად შეიცვალა ივნისის შემდგომ. ბოლო 6 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებული არც ახალ და არც მანამდე შემოტანილ სარჩელები არ განუხილავს არსებითად და არც გადაწყვეტილება მიუღია", — აცხადბენ არასამთავრობოში.

ორგანიზაციის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ Covid-19-თან დაკავშირებული მიმდინარე სარჩელების 95% საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე და პირველ კოლეგიაზეა განაწილებული. კანონმდებლობის თანახმად, კოლეგიის/პლენუმის თავჯდომარის სურვილის გარეშე ვერ ჩატარდება საქმის განხილვის სხდომა და ვერც აქტის მისაღებად აუცილებელი კენჭისყრა შედგება. IDFI-ში აღნიშნავენ, რომ საქმის განხილვის დინამიკის რადიკალური ვარდნა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისა და პირველი კოლეგიის თავჯდომარის შეცვლას ემთხვევა.

ორგანიზაციაში, ასევე, აცხადებენ, რომ პანდემიისას ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს კრიტიკულად ამცირებს პირველი კოლეგიის არაეფექტურობა.

"სახელდობრ, ამ კოლეგიაზე განაწილდა პანდემიისას მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებული ყველა სარჩელი. მათ შორის პრინციპული სარჩელები სადაც "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონის 453 მუხლის კონსტიტუციურობაა ეჭვქვეშ დაყენებული. მას შემდეგ რაც პირველი კოლეგიის თავჯდომარის თანამდებობა ახლადარჩეულმა მოსამართლემ — ვასილ როინიშვილმა დაიკავა აღნიშნულ საქმეებზე კოლეგიის რეაგირების მაჩვენებელი ნულამდე დაეცა და ნოემბრამდე ასე გაგრძელდა", — ამბობენ IDFI-ში.

მათივე ცნობით,19 ნოემბერს პირველი კოლეგიის 3 შინაარსობრივად მსგავსი საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდა. სარჩელებზე რეაგირების საშუალო დრო 130 დღე იყო. თავჯდომარის შეცვლამდე, პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ეს მაჩვენებელი 10 დღეს შეადგენდა.

"ნიშანდობლივია, მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებული პრინციპული მნიშვნელობის სადავო ნორმა, პირველ კოლეგის ჯერ კიდევ 5 ივნისს აქვს არსებითად განსახილველად მიღებული. სხვაგვარად, კოლეგიას შეეძლო გადაწყვიტა მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი პრობლემა და დაედგინა შესაბამისი კონსტიტუციური სტანდარტები. თუმცა პირველ კოლეგიას ეს საქმე ამ დრომდე არ გადაუწყვეტია", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

IDFI-ს შეფასებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ, განსაკუთრებით პირველმა კოლეგიამ, დროულად გადაწყვიტოს Covid-19-თან დაკავშირებული საქმეები. მათივე თქმით, ამ საქმეების დროში გაწელვა აზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს და დაგვიანებული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის შესაძლოდ არაკონსტიტუციურად შეზღუდული უფლებების აღდგენას.