დღეს აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, ხმაური იყო. როგორც აჭარის ტელევიზიით გვარცელებულ კადრებში ჩანს, ნაციონალური მოძრაობის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი შენობაში შესვლასა და სხდომაზე დასწრებას ითხოვდა.

როგორც ბაგრატიონი აცხადებდა, მას როგორც უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, შესვლის უფლება ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერსაა დანიშნული. ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს, რადგან 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. დედაქალაქის პარალელურად, აქციები მიმდინარეობს აჭარაშიც.

15 ნოემბერს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები გააკეთონ. მისი ეს პოზიცია გააკრიტიკეს პარტიის ლიდერებმა, ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა. ამ იდეას არ იზიარებენ არც ოპოზიციურ ერთობაში შემავალი სხვა პარტიები. მოგვიანებით, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციაში განმარტეს, რომ "სირცხვილის კორიდორი იქნება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის და არა ამომრჩევლებითვის".