წინა კვირაში ბრედ პიტი სამხრეთ ლოს-ანჯელესს ესტუმრა, რათა დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის საკვებით სავსე ყუთები დაერიგებინა.

მსახიობს ძალიან ჩვეულებრივად ეცვა და ლურჯი პირბადე ეკეთა, რის გამოც, როგორც ჩანს, ფანებმა ის ვერ იცნეს და პიტს საათობით დაუღალავად გადაჰქონდა ყუთები. ფოტოებში ჩანს, როგორ გადააქვს მას ყუთები, ატარებს სატვირთო მანქანას, ეწევა სიგარეტს, იცინის სხვა მოხალისეებთან ერთად და, ზოგადად, მშვენივრად გრძნობს თავს ხალხის სამსახურში.

"ბრედი ნამდვილ გმირს ჰგავდა, ის მთელი დღე არ გაჩერებული. მხოლოდ იმის ნახვაც კი, რომ კოვიდის დროებაში ის სამხრეთ ლოს-ანჯელესში სატვირთოს ატარებდა, უკვე ძალიან შთამბეჭდავია. ის მთლიანად საქმეზე იყო გადართული და მარტივად მიხვდებოდით, რომ იქ სახის გამოსაჩენად არ მოსულა. ხელთათმანები ეკეთა და საქმეს სხვებზე არანაკლებ ასრულებდა, უფრო მეტად თუ არა. ის ამას მთელი გულით შვრებოდა. თითქოს სწორედ ეს იყო ნამდვილი ბრედ პიტი, როგორსაც ხშირად ვერ ვხედავთ ხოლმე. ის იქ სამი თუ ოთხი საათით იყო და მხოლოდ საათში ერთხელ ისვენებდა 3 წუთით სიგარეტის მოსაწევად, შემდეგ კი ისევ საქმეს უბრუნდებოდა", — თქვა თვითმხილველმა, რომელიც მსახიობის ალტრუისტული ქცევით ძალიან მოიხიბლა.

"ის უფრო მეტ ყუთს იღებდა, ვიდრე ვინმე სხვა, და თითო ჯერზე ერთი ექვსი ყუთი გადაჰქონდა ხელის ურიკით. ამას შეუჩერებლად აკეთებდა და ბოლოს, როცა ყველა ყუთი ჩამოტვირთეს, მან ისინი რიგში მდგომ ხალხს დაურიგა. როცა ხალხთან ყუთების დასარიგებლად მივიდა, თავის წარმოჩენა საერთოდ არ უცდია, პირბადე ეკეთა. ალბათ, რიგში მდგომთაგან უმეტესობამ საერთოდ არც იცოდა, ვინ იყო ის. ბოლოს, როცა საკვებისთვის რიგში მდგომები წავიდნენ, მან პირბადე მოიხსნა და სატვირთოს უკან სხვა მოხალისეებთან გააბა საუბარი. შეგეძლოთ, დაგენახათ, რომ ამას სახელის მოსახვეჭად კი არა, საკუთარი ბედნიერებისთვის აკეთებდა. ნამდვილად იგრძნობოდა, რომ ის თავის სტიქიაში იყო", — განაგრძო მან.

ოსკაროსანი მსახიობის ეს უკიდურესად დადებითი შეფასება სხვა წყარომაც გააგრძელა: "ეს იყო ისეთი ბრედ პიტი, როგორიც არასდროს გინახავთ: იცინოდა, ხუმრობდა, საუბრობდა და თითქოს არაფერი ადარდებდა ამქვეყნად".

მოხალისეობისას პიტის მიწაზე დაშვებულობას ისიც ემატება, რომ, წყაროს ცნობით, მან შესვენებისას პლასტმასის დანა-ჩანგლით "ძალიან მოკრძალებულად" ისადილა — ერბოკვერცხითა და კარტოფილის პიურეთი.