შესწორება: მასალის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა 21-22 ნოემბერს არ იმოქმედებს, რაც უზუსტობის გამო შეიცვალა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა დღეს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 22:00 საათამდე გამონაკლისის სახით გაუქმდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე და ხვალ, 21 ნოემბრის საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე შეზღუდვა არ იმოქმედებს. კვირას, 22 ნოემბრის საღამოს 10 საათიდან კი შეზღუდვა ისევ ძალაში შევა.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო და მიზეზად საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელება დაასახელა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში საღამოს საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა, რომელიც ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.