2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საარჩევნო დარღვევებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ საუბარი მთელ საარჩევნო დღეს გასდევდა, უბნების დაკეტვის შემდეგ კი უნდობლობა კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა ინტერნეტსივრცეში გაყალბებული ოქმები და საარჩევნო უბნებზე დარღვევების ამსახველი ვიდეომასალები გამოჩნდა. ოპოზიციამ არჩევნების ლეგიტიმურობა არ აღიარა და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. პარალელურად კი, ქვეყანა საპროტესტო აქციების ახალმა ტალღამ მოიცვა.

საარჩევნო პერიოდს აქტიურად აკვირდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები. საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, (მეტწილად ეუთოს განცხადებით), "ფუნდამენტური თავისუფლებები ზოგადად დაცული იყო, თუმცა, 31 ოქტომბრის არჩევნები ნამდვილად არ იყო უნაკლო". განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ "შეინიშნებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის ზღვარის ბუნდოვანება, რაც საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე ზეგავლენას ახდენდა". NDI-მ და აშშ-ის საელჩომ თავიანთ განცხადებებში დეტალურად განიხილეს საარჩევნო დარღვევები და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეაგირებისკენ მოუწოდეს, თუმცა ცესკოს ყველა პუნქტი არ გაუთვალისწინებია.

არჩევნები საქართველოსთვის პოლიტიკურად სენსიტიურ პერიოდს დაემთხვა. ეს პირველი არჩევნები იყო, რომელიც შეცვლილი საარჩევნო მოდელით ჩატარდა. ცვლილებები განპირობებული იყო 2019 წლის ივნისის აქციებით, რომელიც საქართველოში სერგეი გავრილოვის ვიზიტს მოჰყვა. აქციის ლიდერების მთავარი მოთხოვნა, რუსეთის ოკუპაციის გაპროტესტებასთან ერთად, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო. მოთხოვნას მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა პარტიებმა, ლოკალურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პროდასავლურმა აქტივისტებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ. ყველა მხარე თანხმდებოდა, რომ პროპორციული სისტემით შესაძლებელი იქნებოდა მზარდი პოლარიზაციის დასრულება და პარლამენტის მრავალფეროვანი ძალებით დაკომპლექტება.

საზოგადოების მხრიდან ზეწოლის ფონზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა, სადაც ქართული ოცნება უმრავლესობას წარმოადგენდა, საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო. აქციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის ფონზე პარლამენტმა 2020 წლის 29 ივნისს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა და ქვეყანა ნაწილობრივ პროპორციულ, 120/30 მოდელზე გადავიდა. საარჩევნო ზღვრად 1% განისაზღვრა.

არჩევნების დღე

31 ოქტომბერს როგორც ადგილობრივმა, ისე NDI-მ და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ვერბალური და ფიზიკური დაპირისპირების, ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე თავდასხმის და საარჩევნო უბანზე არაავტორიზებული პირების ყოფნის უამრავი შემთხვევა დააფიქსირეს. 4 ნოემბრისთვის 3 000 დამოუკიდებელ დამკვირვებელს 500-ზე მეტი საჩივარი ჰქონდა დაწერილი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. საქართველოს სახალხო დამცველმა საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დამკვირვებლებისთვის უსაფრთხო და ზეწოლისგან თავისუფალი გარემო შეექმნა.

დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა, როცა ცესკომ წინასწარი დათვლის შედეგები რეკორდული, 7-საათიანი დაგვიანებით გამოაქვეყნა, რამაც ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დათვლის პროცესში მანიპულაციის შესახებ ეჭვები გაუჩინა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველადი შედეგები პროსახელისუფლებო ეგზიტპოლების შედეგებს იმეორებდა.

ISFED-ის პარალელურმა დათვლამ ორი მნიშვნელოვანი რამ აჩვენა: პირველი — დათვლილი ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა ხელმოწერებს საარჩევნო უბნების 8%-ზე აღემატებოდა და მეორე, მიუხედავად დარღვევებისა, ცესკოს მიერ დათვლილი შედეგების ცდომილება 4.1%-ს არ აღემატებოდა.

სამოქალაქო საზოგადოება დათვლის პროცესში ჩაერთო

მოსაზრებამ, რომ ხმები მმართველი პარტიის სასარგებლოდ ყალბდებოდა, სამოქალაქო საზოგადოებას უბიძგა, პროცესის გამჭვირვალობა საკუთარ თავზე აეღო. 1-ლ ნოემბერს გააქტიურდა Facebook გვერდი გაყალბებული ოქმები, რომელმაც მალევე შემოიკრიბა აუდიტორია. გვერდი აქვეყნებდა დაჯამებულ ოქმებს, რომლებშიც უზუსტობები შეინიშნებოდა. (გვერდის შექმნის თარიღი 2020 წლის 4 სექტემბერია, მას მანამდე სხვა სახელი ერქვა (ნუ გვართმევთ ემიგრანტებს ხმის უფლებას).

Facebook გვერდი გაყალბებული ოქმები უზუსტობის შემცველი ოქმების სქრინშოთებს აქვეყნებს.

ფოტო: გაყალბებული ოქმები / archive

მაგალითად, ერთ-ერთი სავარაუდოდ გაყალბებული ოქმი აჩვენებს, რომ საარჩევნო უბანზე 36 ამომრჩეველი მივიდა, ქართულმა ოცნებამ კი 48 ხმა აიღო.

ერთ-ერთი სავარაუდოდ გაყალბებული ოქმი აჩვენებს, რომ უბანზე 36 ამომრჩეველი მივიდა, ქართულმა ოცნებამ კი 48 ხმა აიღო. ოქმი ხელმისაწვდომია ცესკოს ოფიციალურ საიტზეც.

ფოტო: გაყალბებული ოქმები / archive

კანონით, როცა რომელიმე ოქმში ცვლილება შედის, ცესკომ შესწორების შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გამოაქვეყნოს, თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ლიდერების თქმით, ვებგვერდზე თავდაპირველი გაყალბებული ოქმების ჩანაცვლება ჩასწორებული ვერსიებით შესწორების ოქმების გარეშე ხდებოდა, რაც "მანიპულაციის კვალის წაშლას ემსახურებოდა".

ცესკოს მიმართ ეჭვების ფონზე Facebook მომხმარებლებმა ციფრული ხელსაწყო Watcher.ge შექმნეს, რომელიც ცესკოს ვებგვერდზე ნებისმიერი განახლების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეტყობინებას უგზავნის.

Facebook-ის ქართველმა მომხმარებლებმა ცესკოს საიტზე ოქმების ცვლილებების მონიტორინგისთვის ონლაინ-ხელსაწყო შექმნეს.

ფოტო: Levan Ilashvili / archive

ოფიციალურ ოქმებში უზუსტობამ ლოკალური მონიტორინგის ჯგუფების ყურადღებაც მიიპყრო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელიც საარჩევნო პროცესს კრიტიკულად აფასებდა, ოქმებით მანიპულაციის ერთ-ერთი მაგალითი გაასაჯაროვა. დოკუმენტში მითითებული იყო, რომ საარჩევნო უბანზე მხოლოდ 795 ამომრჩეველი მივიდა, ხმების რაოდენობამ კი რატომღაც 3 163 შეადგინა, ამომრჩევლების რაოდენობაზე 2368-ით მეტი.

ლურჯი კალმით მითითებულია განმეორებული გადათვლის შედეგად შესწორებული რიცხვი

ფოტო: Sulkhan Saladze/archive

დარღვევები საარჩევნო უბნებზე

ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა და ფიზიკური დაპირისპირებები საარჩევნო უბნებზე. დამკვირვებლები ასევე შეესწრნენ კონფრონტაციას, დესტრუქციულ ქმედებებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმას. ტელეკომპანია ფორმულას გამოძიებაში რამდენიმე მოქალაქემ დაადასტურა, რომ მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ 50 ლარი მიიღო.

იყო შემთხვევები, როცა ამომრჩევლები საკუთარ ბიულეტენს არაავტორიზებულ პირებს აჩვენებდნენ. საარჩევნო უბნებზე უცხო პირების შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც განაცხადა.

ხმებით მანიპულაციებზე საუბრობდნენ ასევე ოპოზიციური კანდიდატებიც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთი ამომრჩეველი რამდენიმე ბიულეტენს აგდებს ურნაში. ევროპული საქართველოს კანდიდატის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ვიდეოში კი საარჩევნო ყუთი ცალკე ოთახში გააქვთ, რითაც დამკვირვებლებს მუშაობის უფლებას უზღუდავენ.

ფეისბუქზე ასევე ვრცელდებოდა ერთი და იმავე ინდივიდების მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის ფაქტები. ერთი ასეთი შემთხვევა ელენე ხოშტარიამ გაასაჯაროვა, საერთაშორისო გამჭვირვალობამ კი ერთი პირის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელმაც ერთსა და იმავე უბანზე მინიმუმ 10-ჯერ მისცა ხმა. ცესკომ ეს დარღვევა დაადასტურა, თუმცა შედეგები, მტკიცებულების მიუხედავად, არ გააუქმა.

TV Pirveli-ის კადრებში ჩანს თბილისის ერთ-ერთ უბანზე შეკრებილი ჯგუფი, რომელიც ოპერატორს ემუქრება. მიუხედავად ცხადი აგრესიისა, პოლიციელი, რომელიც ადგილზე იმყოფება, ვითარებაში არ ერევა. DFRLab-მა ვიდეოს ერთ-ერთი გმირის იდენტიფიკაცია მოახდინა: გიორგი დოხტურიშვილი თბილისის საკრებულოს წევრია ქართული ოცნების ეგიდით. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, საჯარო პირებს უბანთან 25 მეტრზე ახლოს მისვლა ეკრძალებათ, რადგან ამან შეიძლება დაძაბული გარემო შექმნას და საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინოს.

TV Pirveli-ის ვიდეოდან სქრინი აჩვენებს საარჩევნო უბანთან შეკრებილ აგრესიულ ინდივიდებს, რომლებიც ჟურნალისტს ემუქრებიან. ადგილზე მყოფ პოლიციელს რეაქცია არ აქვს. ვიდეოში ასევე ჩანს თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების წარმომადგენელი.

ფოტო: TV Pirveli / archive

ძალადობრივი პასუხი აქციებზე

9 ნოემბერი, 2020 — ცესკოსთან შეკრებილ დემონსტრანტებს პოლიცია წყლის ჭავლით შლის

ფოტო: REUTERS / Irakli Gedenidze

8-9 ნოემბრის ღამეს ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად. ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები ჯერ პარლამენტთან მივიდნენ, შემდეგ კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს და თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს. პოლიციამ დემონსტრანტების მცირე ჯგუფს გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლი მიუშვირა. მას შემდეგ, რაც აქციას მეტი ადამიანი შეუერთდა, პოლიციამ წყლის ჭავლი მეორედ გამოიყენა. დაშავდა მინიმუმ რვა ჟურნალისტი, 5-ით მეტი, ვიდრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებშია. მედიამ გაავრცელა ცნობები ასევე აქციის რამდენიმე მონაწილის დაშავების შესახებ. მათგან ერთ-ერთს თვალზე ქიმიური დამწვრობა ჰქონდა, რაც ცხადყოფს, რომ პოლიციამ წყლის ჭავლთან ერთად ცრემლსადენი გაზი ან / და სხვა ქიმიური საშუალებაც გამოიყენა. TV პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უშვერს პოლიცია წყლის ჭავლს პირდაპირ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლის გამოყენება იმით გაამართლა, რომ აქციის მონაწილეები ცესკოს შენობაში "შტურმით შეჭრას" აპირებდნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ დემონსტრანტებს ცესკოს შენობიდან ბიულეტენების გამოტანა და განადგურება უნდოდათ, თუმცა შენობაში ბიულეტენები არ ინახება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივი ზომების გამოყენების გასამართლებლად ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნდა. მინისტრის მოადგილის თქმით, აქციის მონაწილეები "რამდენჯერმე" გააფრთხილეს. სამინისტრომ ასევე უარყო ცრემლსადენი გაზის გამოყენება და გავრცელებულ ცნობებს "დეზინფორმაცია" უწოდა.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

DFRLab-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალა შეისწავლა და ის სატელევიზიო კადრებსა და ლაივებს შეადარა. ანალიზმა ცხადყო, რომ სამინისტროს ვიდეომასალა მაყურებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება და ის, ნაცვლად ლაივსტრიმისა, დამონტაჟებული კადრებისგან შედგება. მათში ნაჩვენებია აგრესიული ინდივიდების მცირე ჯგუფი, როცა აქცია უმეტესად მშვიდობიანი იყო.

ტელეკომპანია ფორმულას პირდაპირი ეთერი აჩვენებს, რომ აქციის მონაწილეები დაშლის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ

ფოტო: Formula TV / archive

ოფიციალურ განცხადებასა და საჯარო მასალებს შორის განსხვავება ამით არ სრულდება: რამდენიმე ტელევიზიის კადრებში ჩანს, რომ პოლიცია წყლის ჭავლის გამოყენებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იწყებს, რაც ადგილობრივმა არასამთავრობოებმა "არალეგიტიმურად", "დანაშაულად" და "ძალის გადამეტებად" შეაფასეს.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ დამონტაჟებულ მასალაში ჩანს, რამდენიმე პირი როგორ ურტყამს ფეხს მეტალის კარს, სახალხო დამცველის, დამოუკიდებელი იურისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომედგენლების განცხადებით, წყლის ჭავლის გამოყენება "გაუმართლებელი" იყო და პოლიციამ "უხეშად დაარღვია თავისუფალი დემონსტრაციის უფლება". მსგავსი ზომების გამოყენება მხოლოდ მასობრივი დაუმორჩილებლობის დროს შეიძლება, როცა მშვიდობიან მოქალაქეებს ან საკუთრებას საფრთხე ემუქრება.

ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც "გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა". ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია იდენტიფიცრებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მსოფლიოს გარშემო, რითაც ღია კვლევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სტატია მოამზადა DFRLab-მა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. თარგმანი ეკუთვნის On.ge-ს. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებლები არიან DFRLab და On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.