საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 10 წლის მომღერალი, სანდრა გადელია, სიმღერით You Are Not Alone ("შენ მარტო არ ხარ") წარადგენს. სიმღერის პრემიერა დღეს, პირველი არხის ეთერში შედგა.

საკონკურსო კომპოზიციაზე შექმნილი ვიდეორგოლის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, გადაღებები კი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მიმდინარეობდა. You Are Not Alone გიგა კუხიანიძისა და თემო საჯაიას ერთობლივი ნამუშევარია.

სანდრა გადელია საზოგადოებრივი მაუწყებლის საბავშვო მუსიკალური პროექტის, რანინას, გამარჯვებულია. იგი ერთ-ერთია იმ 12 მონაწილიდან, რომელიც საბავშვო ევროვიზია 2020-ის გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

რიგით მე-18 საბავშვო ევროფესტივალი 29 ნოემბერს გაიმართება და მას უკვე მეორედ, პოლონეთი უმასპინძლებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში პირველად, კონკურსანტები სიმღერას არა მასპინძელ ქალაქში, არამედ საკუთარ ქვეყანაში შეასრულებენ, თუმცა მთავარი შოუს ტრანსლირება ვარშავის სატელევიზიო სტუდიიდან განხორციელდება. წლევანდელი კონკურსის სლოგანია Move the World ("აამოძრავე მსოფლიო").