აშშ-ში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სახელმწიფო მდივნის ვიზიტის განსაზღვრისას უკვე ცნობილი იყო, რომ მისი თანაშემწე ფილიპ რიკერი საქართველოში რჩებოდა და ვაშინგტონში აქედან გაბრუნდებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ განმარტა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიზიტის ევროპისა და ევრაზიის მიმართულებები დაფარა.

"ასე რომ, ის ახლდა სახელმწიფო მდივანს ევროპასა და ევრაზიაში, შემდგომ როცა ვიზიტი გაგრძელდა სახელმწიფო მდივნის ახლო აღმოსავლეთში, ის უბრალოდ დარჩა და აქედან გაბრუნდა ვაშინგტონში. ამიტომ, ეს იყო განსაზღვრული, რომ ამ პერიოდით რჩებოდა", — განაცხადა მან.

ფილიპ რიკერის საქართველოში დარჩენისა და ოპოზიციასთან შეხვედრის შესახებ თბილისიდან სახელმწიფო მდივნის გამგზავრების შემდეგ გახდა ცნობილი. სწორედ ამიტომ, ოპოზიციაში მიიჩნევდნენ, რომ რიკერის დარჩენაც და შეხვედრაც სპონტანურად, არსებული ვითარებიდან გამომდინარე დაიგეგმა. გარდა ამისა, სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა.

გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანი გაესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც სასამართლო საკითხებზე მუშაობენ. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, შეხვედრის ძირითადი თემა სწორედ სასამართლო სისტემას და იქ არსებულ გავლენიან ჯგუფებს ეხებოდა.

სახელმწიფო მდივანი პირადად არ შეხვედრია ოპოზიციას. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: