ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ისინი არ იცვლის თავის სტრატეგიას და გააგრძელებს
ბრძოლას ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, გარდა პარლამენტისა.

"გუშინ ოპოზიციას ჰქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ბატონ რიკერთან. ეს კიდევ ერთი საშუალება იყო ჩვენთვის, რომ მისთვის აგვეხსნა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთო ოპოზიციურმა სპექტრმა; გვესაუბრა იმ მასშტაბურ დარღვევებზე, რაც არ გვაძლევს საშუალებას, რომ შევიდეთ პარლამენტში. ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგები უბრალოდ არ ასახავს ხალხის ნებას.

რა თქმა უნდა, მოსაზრება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს თქვენთვის ცნობილია. მათ ურჩევნიათ, რომ ინსტიტუტები იყოს გამოყენებული ოლომდე და პარლამენტში გაგრძელდეს ბრძოლა. უბრალოდ, ერთი რამ, რაც შევეცადეთ ჩვენ რომ მისთვის აგვეხსნა არის ის, რომ ინსტიტუტები ჩვენთან არ მუშაობს: არ მუშაობს არც სასამართლო, რომელიც პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის დაკვეთას; არ მუშაობს არც ცესკო, რომელმაც არცერთი საჩივარი არ განიხილა; არ მუშაობს არც საოლქო კომისიები, რომლებმაც ყველა გადათვლის მოთხოვნაზე, პრაქტიკულად უარი თქვეს. აქედან გამომდინარე, ის, რაც იდეალურ მდგომარეობაში სწორი იქნებოდა, ინსტიტუციების გამოყენება, ჩვენ შემთხვევაში უბრალოდ არარელევანტურია.

ამიტომ, ჩვენი პოზიცია არ იცვლება. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან, მაგრამ, ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს იმ მძიმე რეალობიდან, რომელიც აქ შექმნა ივანივშილმა, როდესაც გააყალბა არჩევნები და შემდეგ მიისაკუთრ პრაქტიკულად ხელისუფლება.

ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა პარლამენტის გამოყენებით, გამომდინარე იქედან, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური და ჩვენი იქ შესვლით მას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ", — განაცხადა კაპანაძემ.