საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი რეფორმის საფუძველზე, დაახლოებით, 150 ათას კომპანიას შესაძლებლობა ექნება, რომ ავტომატურად დაიბრუნოს დღგ. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად, დაახლოებით, მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს. ეს არის რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო წლების განმავლობაში, შეიძლება ითქვას, ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა და რომელმაც მხარი უნდა დაუჭიროს როგორც საშუალო ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შენარჩუნებას", — განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ამ რეფორმას "განსაკუთრებით ფასი" დღევანდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში აქვს და იგი მნიშვნელოვანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალის თვალსაზრისით.