ახალი კვლევა ინფექციების გავრცელებაზე საინტერესო მინიშნებას გვაძლევს. როგორც ჩანს, დიდი ქალაქებიდან უფრო პატარა დასახლებებში გადაცხოვრება, საზღვრების ჩაკეტვაზე უფრო ეფექტიანია.

მკვლევრებმმა ათობით ათასი სიმულაცია ჩაატარეს და ნახეს როგორ აისახება მაღალი სიმჭიდროვის ქალაქებიდან დაბალი სიმჭიდროვის ადგილბში გადასვლა ინფექციის გავრცელებაზე.

სიმულაცია აჩვენებს, რომ მსგავსი მიგრაციისას, ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ინფექციის სიხშირე იზრდება, თუმცა ინფექციის გავრცელების საერთო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება.

იმ დაშვებით, რომ ეპიდემიის დაწყებისას მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში პოპულაციის 90% ცხოვრობს და ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში (მაგალითად სოფელში) 10, ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი 35%-იდან 23-მდე მცირდება, თუ ადამიანებს ქალაქიდან სოფელში თავისუფალი გადაადგილების საშუალება მიეცემათ.

ჩვენ ჰიპოთეტურ სცენარში, სოფელში ინფექციის მაჩვენებელი გაიზრდება, თუმცა საერთო ინფექციის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდება. პატარა პოპულაციაში ინფექციის შემთხვევების ზრდის შემცირება, სკრინინგით არის შესაძლებელი. ანუ გადაადგილების უფლება მხოლოდ იმათ შეიძლება მიეცეთ, ვინც კორონავირუსის ტესტზე უარყოფით შედეგს აჩვენებენ.

"ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ საზღვრების ჩაკეტვა კარგია", — ამბობს კვლევის თანაავტორი მასიმილიანო ზანინი. "ჩვენი მიგნებებით, ეს თითქმის ყოველთვის ცუდია".

ზანინი ხაზს უსვამს, რომ ზემოხსენებული სიმულაცია გადაადგილების უბრალო მოდელირებაა, რომელიც რეალური ცხოვრებისას შექმნილ სირთულეებს არ ითვალისწინებს. სიმულაცია, დიდწილად, სხვადასხვა არაემპირიულ დაშვებებსაც ეყრდნობა, როგორიცაა ადამიანების ქცევა, ვირუსისადმი იმუნურობის სიხშირე და ა.შ.

მიუხედავად ამისა, მკვლევრებს სჯერათ, რომ ადამიანებისთვის სოფლებში გადასახლებით ინფექციის გავრცელების შეფერხება მაინც შეიძლება, იმ შემთხვევაში თუ "გადასახლებულები" პანდემიის დამთავრებამდე უკან არ დაბრუნდებიან.

ეს რეალურ ცხოვრებაში, ცხადია, სირთულეს წარმოადგენს. არავინ იცის პანდემია კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება, თან სხვაგან გადასახლების ფუფუნება ბევრს უბრალოდ არ აქვს.

კვლევა Chaos-ში გამოქვეყნდა.