პრემიერმინისტრი, გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო გააღრმავებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც საერთო ფასეულობებზეა დამყარებული. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროატლანტიკური განვითარების და სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა.

როგორც მან თქვა, ეს იყო სახელმწიფო მდივნის მნიშვნელოვანი ვიზიტი მნიშვნელოვან დროს.

"რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა საქართველოსთვის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას, დემოკრატიზაციის პროცესების შემდგომ გაძლიერებასა და ასევე ინსტიტუტების გაძლიერებას. როგორც შედეგი, ჩვენ შევთანხმდით საბოლოო ჯამში იმაზე, რომ კიდევ უფრო უნდა გავაღრმავოთ ჩვენს ქვეყნებს შორის, საერთო ფასეულობებზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა, ფასეულობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, გახლავთ თავისუფლება, დემოკრატია და საერთო გეოსტრატეგიული ინტერესები", — განაცხადა გახარიამ.

მაიკ პომპეო თბილისში 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები მეორე დღეს დაიწყო. ფაქტობრივად ის ქვეყანაში 24 საათსაც არ დარჩენილა და თბილისიდან შუადღით გაფრინდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა.

შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ.

მისი გამგზავრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო მდივანმა თავისი წარმომადგენელი დატოვა, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: