გლობალური სამეწარმეო ქსელისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით 16 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეულმა აიღო სტარტი.

წელს, გლობალური მეწარმეობის კვირეულის მთავარი თემაა ინტეგრაცია, რაც გულისხმობს იმ ჯგუფების ჩართულობას, რომლებსაც ინოვაციურ სამეწარმეო საქმიანობასთან ნაკლები წვდომა აქვთ. კერძოდ, კვირეული ორიენტირებულია ახალგაზრდებისა და ქალების ინტეგრაციაზე მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი ტერიტორიებიდან.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 20-მდე ღონისძიება თბილისის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში გლობალური სამეწარმეო ქსელის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან ილიას სახელმიწფო უნივერსიტეტი, CENN, ბიზნეს აქსელერატორი სპარკი, მეწარმეთა ასოციაცია, სოციალური საწარმო შინაურულად, Helping Hand, ტრენერთა ასოციაცია, სიქა, საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, პროაქტივ ჯგუფი და სხვა.

კვირეულში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ანტრეპრენერები, სტარტაპები და ეკოსისტემის ლიდერები. ღონისძიებები მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, მათ შორის, სთორითელინგ სესიებს, ვორქშოფებს, პანელურ დისკუსიებს, სტარტაპ ფიჩინგ სესიებს და სხვა.

გლობალური მეწარმეობის კვირეული 22 ნოემბერს დასრულდება.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ტარდება და მათში მონაწილეობა უფასოა.

ღონისძიებებზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.

გლობალური მეწარმეობის კვირეული მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომლის მიზანია ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეებისათვის მოტივაციის ამაღლება.

პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება 10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული.