გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არ იცის რა იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლის რეალური მიზანი. მისი თქმით, არ უნდა სხვა პოლიტიკოსებივით მოიქცეს და თავი "ექსპერტად" მოაჩვენოს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მნიშვნელოვანი მიზეზი იქნებოდა.

"მე არ ვიცი რა იყო რეალური მიზანი სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლის. ყველაზე კრიტიკული საკითხი საქართველოს შიდა პოლიტიკაში არის ეს პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გვაქვს. ამასთან დაკავშირებით განცხადება მოვისმინეთ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, მაგრამ თვითონ პომპეოს განცხადებაც არ გაუკეთებია.

მგონია, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა მის ვიზიტს, რომელიც საჯაროდ არ გაჟღერებულა და ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ყარაბაღის ამბავს, შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე სხვა საკითხებს — ანაკლიას, უბრალოდ, არ ვიცი და არა მაქვს ამაზე საკმარისი ინფორმაცია. არ მინდა, სხვა პოლიტიკოსივით სპეკულაცია დავიწყო, ვითომ მაგარი ექსპერტი ვარ და გავარტყი რაზე ჩამოვიდა პომპეო, აზრზე არა ვარ. რაღაცა მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყო, აქ არ დაფრინდებოდა ერთი ღამით", — განაცხადა მან.

პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ის თბილისში 24 საათზე ნაკლები იყო და უკვე წავიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა. ასევე, პომპეო შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. ცნობილია, რომ NGO-ებთან საუბრის ძირითადი თემა სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო.

შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ. ვიზიტის დასრულების შემდეგ პომპეომ თავისი წარმომადგენელი დატოვა, რომელიც ოპოზიციის წევრებს შეხვდა.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: