სამი შვილის დედა, თამუნა იარაჯული ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მის აუტისტური სპექტრის მქონე შვილს "საკმარისი სიმპტომების არარსებობის გამო" კორონავირუსზე ტესტს არ უკეთებს. ქალის თქმით, სწორედ ამ პასუხს ეუბნებიან უწყების ცხელ ხაზზე, 15 05-ზე. თამუნას ერთ შვილს უკვე დადასტურებული აქვს კორონავირუსი, მეორეს ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაშია.

"დილიდან არის ზარები ჯანდაცვიდან, რომ გადაგვიყვანენ სასწრაფოთი და ჩაუტარებენ ტესტირებას. ვუხსნი, ბავშვს ვირუსი რომ არ ჰქონდეს, ეს გადაყვანა წარმოადგენს მისთვის საფრთხეს. ჯერ ერთი, დიდია ფიზიკურად, ვერ ვაკავებ. მეორე, ყველაფერს ხელს კიდებს და რომ არ იყოს ინფიცირებული, სასწრაფოში გადაყვანას ვერ ვენდობი, არც ვიცი, იქ დეზინფექციას უკეთებენ თუ არა. სხვა ტესტები ჩემი ხარჯებით გავაკეთე, თან ქმარი ორი კვირის ინფარქტგადატანილია და აღარ მაქვს რესურსი. ბავშვი ამბობს, მტკივაო. სიცხეს ვერ ვუზომავთ, იმდენად აგრესიულია. ვერ გადმოსცემს, ზოგადად, როცა რამე უნდა", — განაგაცხადა თამუნა იარაჯულმა.

როგორც ის On.ge-სთან ამბობს, ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ტესტირებისთვის საკმარის სიმტპომად სუნთქვის უკმარისობა მიიჩნია.

მისი თქმით, თავად მოისმინა, როგორ განაცხადა ბრიფინგზე პრემიერმინისტრმა, რომ თუ ოჯახში კორონავირუსიანი პაციენტია და ოჯახის წევრი რისკ ჯგუფშია, მაგალითად, თუ შშმ პირია, ყველას უნდა ჩაუტარდეს ტესტირება.

თამუნა გვიყვება, რომ დაუკავშირდა სოციალურ სამსახურსაც, მაგრამ რესურსების არარსებობის მიზეზით იქაც უარი უთხრეს. მისი თქმით, უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ მიუხედავად დახმარების სურვილისა, არც გადამზადებული ასისტენტები ჰყავთ.

On.ge დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, რათა გაერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა, შშმ პირების სახლში გატესტვა და რა ინფორმაციას ფლობდნენ იარაჯულის შემთხვევასთან დაკავშირებით.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შშმ პირების კორონავირუსზე ტესტირება გარკვეულ შემთხვევებში უფასოა — გააჩნია, სიმპტომებსა და კონტაქტებს. რაც შეეხება თამუნა იარაჯულის შვილს, სამინისტროში ადასტურებენ, რომ ასეთი შემთხვევების დროს ბინაზე მიდიან და ტესტირებას უტარებენ

კითხვაზე, რატომ არ გაუწია ჯანდაცვის სამინისტრომ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გვიპასუხეს, რომ ამ თემას იცნობენ, საკითხი პროცესშია და როცა გადაწყდება, შეგვატყობინებენ. მათ გადაწყვეტილებას On.ge ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.